საქართველომ NBA "დატროლა" - ამერიკული მედია ზაზა ფაჩულიას შედეგებზე
NBA-ს "ოლ სტარის" მატჩის ვარსკვლავთა შერჩევა გრძელდება. შუალედური შედეგების გამოქვეყნებას შოკის ეფექტი ჰქონდა ამერიკულ მედიასა და სოციალურ ქსელებში - მიზეზი ზაზა ფაჩულიას მე-2 ადგილია დასავლეთ კონფერენციის ფორვარდთა შორის.
- NBA-ს "ყველა ვარსკვლავის" შუალედური შედეგები ცნობილია: ზაზა ფაჩულია მეორეზეა!
გამოხმაურება ძირითადად უარყოფითია, რადგან არავარსკვლავური ზაზა ისეთ კალათბურთელებს უსწრებს, რომლებსაც მასზე ორი-სამჯერ უკეთესი სტატისტიკა და ვარსკვლავური იმიჯი აქვთ. ჩვენ მხოლოდ ძირითადი გამოცემების ფრაზებს მოვიყვანთ, რადგან ყველას მიმოხილვა შორს წაგვიყვანს.
Washington Post
სტატია: "ფანები გიჟურად აძლევენ ზაზა ფაჩულიას ხმას, მაგრამ ავხსნით, თუ რატომ ვერ ითამაშებს ის "ოლ სტარში".
"როცა გასული წლის იანვარში "ოლ სტარის" სასტარტო კალათბურთელების არჩევნების საბოლოო შედეგები გამოაცხადეს, ნიუ იორკის "ოლიმპიკ ტაუერსში" NBA-ს ოფიციალურმა პირებმა შვებით ამოისუნთქეს - მესამე და მეოთხე ადგილებს შორის სხვაობა სულ რაღაც 14 ათასი ხმა იყო, როცა თითოეულმა მათგანმა 800 ათას ხმაზე მეტი მიიღო.
მესამე ადგილზე "სან ანტონიოს" ვარსკვლავი კავაი ლეონარდი გავიდა, 2014 წლის ფინალების MVP. 2015 წლიდან მოყოლებული ის ლიგაში საუკეთესოა დაცვაში. მე-4 ადგილზე გავიდა "დალასის" ცენტრი ზაზა ფაჩულია, რომელმაც ასოციაციის ბევრი გუნდი მოიარა. ის საქართველოდანაა.
NBA-ში არ სურდათ ის გამეორებულიყო, რაც NHL-ში გასულ სეზონს, როცა კიდევ ერთმა მოხეტიალე სპორტსმენმა ჯონ სკოტმა "ოლ სტარში" თამაშის უფლება მიიღო. თუმცა სკოტმა მერე ამ მატჩის საუკეთესო მოთამაშის პრიზი მიიღო.
იმისთვის, რომ შარშანდელი არ განმეორდეს, ბოსებმა "ყველა ვარსკვლავის" მატჩში მონაწილეობის კრიტერიუმები შეცვალეს. ახლა სტარტერებს ფანები აღარ ირჩევენ, მათი ხმები მხოლოდ 50%-ად ითვლება, 25% ძალა კი მედიასა და ასოციაციის კალათბურთელების ხმებს აქვს.
"ოლიმპიკ ტაუერსში" უნდა ამაყობდნენ საკუთარი წინდახედულობის გამო. საშუალო შედეგებმა აჩვენა, რომ ზაზა ფაჩულია მეორე ადგილზეა და ის კავაი ლეონარდს 100 ათასი ხმით უსწრებს, ხოლო ენტონი დევისს - 120 ათასი ხმით.
სწორედ ამ შედეგის დადგომის ეშინოდათ და ამიტომ შეიცვალა წესები. ასე რომ, არა აქვს მნიშვნელობა, რამდენ ხმას მიიღებს ფაჩულია ფანებისგან, მას არა აქვს არანაირი შანსი, მოხვდეს "ყველა ვარსკვლავის" სტარტერთა შორის.
თუ სიტყვაზე დურანტი პირველ ადგილზე გავა ფანებში, მეორეზე მედიის ხმებით და მეოთხეზე კალათბურთელებში მისი საშუალო ასე გამოითვლება: 1+1+2+4. მიღებული 8 გაიყოფა 4-ზე და მივიღებთ 2-ს. ეს იქნება დურანტის საშუალო მაჩვენებელი. ყველაზე ნაკლები საშუალო მაჩვენებელი უკეთესია.
პირველ ორ ადგილზე გასული უკანახაზელი და პირველ სამ ადგილზე გასული ფორვარდი "ოლ სტარის" თამაშს დაიწყებს.
იმ კალათბურთელებს კი, რომლებიც მოთამაშეებისგან და მედიისგან ვერაფერს მიიღებს, ზაზა ფაჩულია კი ასეთი იქნება, საერთოდ ვერ მიიღებს საშუალო მაჩვენებელს და ის სიის ბოლოში განლაგდება.
ფაჩულია ახლა ყველა კალათბურთელს შორის მერვე ადგილზეა და თითქმის დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, რომ ის დასავლეთის ფორვარდების სამეულში შევა. ზაზა ახლა მხოლოდ დურანტს, კარის, ლებრონს, ირვინგს, ჰარდენს, უესტბრუკს და ადეტოკუმბოს ჩამორჩება.
კალათბურთელი, რომელიც საშუალოდ 17 წუთში 5,2 ქულასა და 5,8 მოხსნას აგროვებს, მედიისა და მოთამაშეებისგან ან საერთოდ ვერ მიიღებს ხმებს, ან
მინიმალურ ხმებს დააგროვებს.
USA TODAY
სტატია: "ზაზა ფაჩულია შესაძლოა NBA-ს ჯონ სკოტი გახდეს".
"გასულ წელს ფანებმა გადაწყვიტეს, რომ მოხეტიალე ჰოკეისტი ჯონ სკოტი, რომელმაც კარიერა ახლახან დაასრულა, "ყველა ვარსკვლავის" მატჩში აერჩიათ და ასეც მოხდა. სკოტს 2014 წლის მერე მხოლოდ ერთი შაიბა ჰქონდა გატანილი. ფანების წყალობით სკოტი "ყველა ვარსკვლავის" მატჩის კაპიტნად დაასახელეს, შემდეგ კი მან ამ შეხვედრის საუკეთესო ჰოკეისტის ტიტული მოიგო. ეს იყო საოცარი ისტორია.
ახლა კი ზაზა ფაჩულიას დროა, NBA-ში.
ხუთშაბათს გამოქვეყნდა შედეგები და ზაზა ფაჩულია მე-2 ადგილზეა დასავლეთის ფორვარდებს შორის. ის მხოლოდ კევინ დურანტს ჩამორჩება 101 ათასი ხმით.
მართალია, ფაჩულია "გოლდენ სტეიტის" სასტარტო ფორვარდია, მაგრამ ის საშუალოდ მხოლოდ 5,2 ქულას აგდებს. ფაჩულია "ატლანტადან" მოყოლებული, ბრძოლისუნარიანობით არის გამორჩეული, მაგრამ როგორც სკოტის შემთხვევაში NHL-ში, არავინ დადის თამაშებზე ზაზას გარღვევების საყურებლად.
მაგრამ ეს აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ ზაზას მხარდაჭერის კამპანია ცუდია. ეს ხომ გამოფენაა, რომელიც უნდა იყოს სახალისო და თუ ფანებს ფაჩულიას ნახვა NBA-ს ელიტაში სურთ, დაე, იხილონ. სკოტის ისტორია იმდენად წარმატებული იყო, რომ რატომ არ უნდა გააკეთოს NBA-მ იგივე 14-წლიანი ვეტერანისთვის?
მოვიყვანთ რამდენიმე დადებით გამოხმაურებას "ტვიტერიდან", თუმცა უმეტესობა უარყოფითია.
Erik Malinowski
"ზაზა მოწინავეა სროლიდან პროცენტებში, მოხსნებში, პასებში, საშუალოდ 36 წუთში/თამაშში. ვერ გავიგე, რა აურზაური გამოიწვია ამ არჩევანმა".
Mike Prada
"ზაზა ისედაც ყოველ მატჩს იწყებს "ოლ სტარში" "გოლდენ სტეიტთან" ერთად".
მაგრამ არ დაგვავიწყდეს, რომ ზაზას ეს წარმატება გარანტია არ არის, რომ ის მოხვდება "ოლ სტარზე", წესების ცვლილების გამო ფანების არჩევანის ძალა განახევრდა. ფაჩულიას მხარდაჭერა კოლეგებსა და ჟურნალისტებშიც დასჭირდება".
Bleacher Report
სტატია: "ზაზა ფაჩულია "ოლ სტარი" არ არის, მაგრამ მას "გოლდენ სტეიტისთვის" დიდი ფასი აქვს".
ზაზა ფაჩულიამ "ტვიტერი" ააფეთქა - უფრო ზუსტად, მისი ხმების საოცრად დიდმა რაოდენობამ "ყველა ვარსკვლავის" მატჩის საშუალედო გამოკითხვის შედეგებში.
მას მერე, რაც გამოცხადდა, რომ ზაზა მეორე ადგილზეა, მზე უფრო მეტად ანათებს და გაზაფხულიც მოგვიახლოვდა. ხუთშაბათს ინტერნეტმა გონება დაკარგა.
რა თქმა უნდა, NBA-მ წინასწარ იზრუნა და ფანების ხმებს მხოლოდ სანახევრო ძალა აქვს, დანარჩენზე კი მედიისა და მოთამაშეების მხარდაჭერაა საჭირო. კარგად გვესმის, რომ იყო ამ ცვლილების აუცილებლობაც. ეს ფაჩულიას "ოლ სტარში" თამაშის შანსს უკარგავს. მისაღებია, არავინ ამტკიცებს, რომ ქართველი იმსახურებს იქ თამაშს, კავაის ან ენტონი დევისის სანაცვლოდ.
მაგრამ "ყველა ვარსკვლავის" მატჩი ხომ სახალისო შოუა? იქ უნდა თამაშობდნენ ყველაზე პოპულარული კალათბურთელები სეზონში, სულ ეს არის.
თუ ფაჩულიას ლიდერთა შორის ყოფნა ღამე ძილის საშუალებას არ გაძლევთ, გაიხსენეთ, რომ შარშან კობი ბრაიანტმა სულაც მოიგო ეს არჩევნები, მიუხედავად იმისა, რომ რეიტინგით NBA- მოთამაშეებში მე-4 ასეულის იქით იყო. ბრაიანტმა სტეფ კარის 250 ათასი ხმით აჯობა! მაშინ, როცა კარის NBA-ს ისტორიაში ერთი მოთამაშის მიერ ნაჩვენები ერთ-ერთი საუკეთესო სტატისტიკა ჰქონდა.
წლეულს RPM სტატისტიკის მიხედვით, ფაჩულია 42-ე ადგილზეა და ის დაცვაში მეცხრეა. ის არის საუკეთესო გუნდის სასტარტო ცენტრი. ასე რომ, ნუ უყურებთ ფაჩულიას ხმებს, შეხედეთ დუეინ უეიდს, რომელიც ამ სტატისტიკით რეიტინგში მე-80 ადგილზეა და გაცილებით უკეთეს მოთამაშეებს უსწრებს გამოკითხვაში.
ასე რომ, "ყველა ვარსკვლავის" თამაშს არანაირი კავშირი არა აქვს, რამდენად იმსახურებენ კალათბურთელები საუკეთესოთა შორის თამაშს. ეს ყველაზე პოპულარულთა თამაშია, ასე იყო წლებია.
რაც ფაჩულია მცირე ტრავმის შემდეგ დაბრუნდა, "უორიორსმა" 9 მატჩში საუკეთესო დაცვა ითამაშა მთელ ლიგაში. ამაში დიდი წვლილი სწორედ ფაჩულიას მიუძღვის. მართალია, ერთი-ერთზე დაცვაში ის ძლიერი არ არის, მაგრამ "უორიორსის" თავკაც სტივ კერს ჰყავს დრეიმონდ გრინი და კევინ დურანტი. გუნდს ფაჩულია სჭირდება, უბრალოდ ისეთი, როგორიც არის".
SFGate
სტატია: "უორიორსის" ზაზა ფაჩულია "ოლ სტარის" გამოკითხვაში მოულოდნელი ლიდერთაგანია"
"ზაზა ფაჩულია საქართველოს ერთადერთი წარმომადგენელია NBA-ში, ის მთელი ქვეყნის კერპია. გასულ წელს ქართველ ფანებს მხოლოდ 14 ათასი ხმა დააკლდათ მიზნამდე. ახლა მას 400 ათასზე მეტი ხმა აქვს და დასავლეთის ფორვარდებში მეორე ადგილზეა. ეს სწორედ საქართველოს დამსახურებაა".
FanSided
"ზაზა ფაჩულიამ "ყველა ვარსკვლავის" თამაშის არჩევნები შაყირად აქცია".
The Advertiser
"ეს ის ბიჭია, ვის გამოც NBA-მ არჩევნების წესები შეცვალა".
OKDIARIO
"ფაჩულიას საქართველომ NBA "დატროლა".
წყარო: sportall.ge