თეგებით ძიება
10. 01. 2017 News-ები

მთავარი პროკურატურა რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს

მთავარი პროკურატურა ნიკა გვარამიასთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5000 ლარის ოდენობით გირაო განუსაზღვრა, პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე.

მთავარ პროკურატურაში ასევე განმარტავენ, თუ რატომ მოითხოვა სახელმწიფო ბრალდებამ რატი გაჩეჩილაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო.

„2017 წლის 9 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიებად გირაო - 5000 ლარი შეუფარდა.

"ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2017 წლის 7 იანვარს, საღამოს დაახლოებით 18 საათისთვის სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორი ნიკოლოზ გვარამია მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა ქ. თბილისში, ფალიაშვილის ქუჩის N38-ში მდებარე რესტორან „დაინინგ რუმ“-ში. ამავე რესტორანში იმყოფებოდა რატი გაჩეჩილაძე, რომელმაც ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნიკოლოზ გვარამიას.

"ფაქტის ირგვლივ გამოძიების მიერ ჩატარდა სხვადასხვა საპროცესო მოქმედებები: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი, დაინიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა, გამოთხოვილი იქნა სათანადო ინფორმაცია, დაიკითხნენ მოწმეები. შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის შედეგად გამოძიების ამ ეტაპზე დგინდება, რომ რ.გაჩეჩილაძემ ნ.გვარამიას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პირადი უთანხმოებისა და შურისძიების მოტივით.

"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით 2017 წლის 9 იანვარს პროკურატურამ რატი გაჩეჩილაძეს ბრალდება წარუდგინა საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. დანაშაული ნაკლებად მძიმე კატეგორიისაა და სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით. ამასთან პროკურატურამ გაითვალისწინა ის გარემოებაც, რომ ბრალდებული ნებაყოფლობით გამოცხადდა საგამოძიებო ორგანოში, აღიარა ჩადენილი დანაშაული და ითანამშრომლა გამოძიებასთან, ის არ არის ნასამართლევი, რის გამოც მსგავსი კატეგორიის დანაშაულებზე არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით მოითხოვა 5000 ლარის ოდენობის გირაო საპატიმრო უზრუნველყოფით.

"2016 წლის 9 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და რატი გაჩეჩილაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით განუსაზღვრა გირაო 5000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფის გარეშე.

"საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას,“ - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა