ზაზა ფაჩულია: არსად მივდივარ, ივნისის მერეც "გოლდენ სტეიტში" ვრჩები
ზაზა ფაჩულია სულ მალე დაუბრუნდება "გოლდენ სტეიტს", ქართველმა ცენტრმა ტრავმა თითქმის მოიშუშა, მანამდე კი მან San Francisco Chronicle-ს მცირე ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა, რომ მომავალ სეზონშიც "უორიორსის" რიგებში სურს თამაში.
"არ მსურს, რომ სეზონი მალე დასრულდეს. როდესაც ხალხი მეკითხება, რას ვაპირებ ზაფხულში, როცა თავისუფალი აგენტი გავხდები, ვეუბნები, რომ არსად მივდივარ და აქ ვრჩები. ივნისის შემდეგაც აქ ვრჩები.
გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ირგვლივ საოცარი მოთამაშეები არიან, როცა დიდებული სამწვრთნელო შტაბი და ფანებია, ეს ყველაფერი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, მე უდიდეს გამოცდილებას ვიღებ", - განაცხადა ქართველმა, რომელმაც აღიარა, რომ მისი მე-14 სეზონი NBA-ში ყველაზე სახალისოა მისთვის.
რაც სეზონი გახურდა, ზაზა სულ უფრო კარგად ათამაშდა, ტრავმამდე მან ბოლო 14 მატჩიდან ნახევარში 10 ან მეტი ქულა დააგროვა. ის ლიდერობს "გოლდენ სტეიტში" მეტოქის ფარზე მოხსნებით (2,1 თამაშში და 94 ჯამში).
NBA-ს ცენტრებში (ვისაც 35 მატჩი მაინც უთამაშია, ზაზას საუკეთესო +- მაჩვენებელი აქვს (+7,2). მისი სროლის პროცენტი საჯარიმოს ხაზიდან (77,3%) ბევრად უკეთესია ცენტრების საშუალო მაჩვენებელზე. საშუალოდ ყოველ
36 წუთში ზაზა აგროვებს 11,5 მოხსნას, 3,8 პასსა და 1,8 ჩაჭრას.
გამოცემა მიიჩნევს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ზაზამ მცირე ტრავმებით სეზონში უკვე გამოტოვა 7 მატჩი, 32 წლის კალათბურთელს კიდევ დარჩენია 1-2 კარგი სეზონი NBA-ში. "გოლდენ სტეიტს" კი გაუჭირდება ვეტერანზე უკეთესი ცენტრის მოძებნა ამ ფასად, ზაზამ ხომ სეზონში 2,9 მილიონად გააფორმა 1-წლიანი ხელშეკრულება.
"გოლდენ სტეიტში" მოსახვედრად ზაზამ ივლისში გაცილებით სარფიან წინადადებებზე თქვა უარი. "გოლდენ სტეიტმა" ზაფხულში კარი და დურანტი უნდა გადაიფორმოს, რაც გუნდის შემადგენლობის შენარჩუნებას გაართულებს. ზაზას გარდა, თავისუფალი აგენტები ხდებიან: ანდე იგუდალა, შონ ლივინგსტონი, ჯაველ მაკგი, იან კლარკი, ჯეიმს მაკადუ და დევიდ ვესტი.
აღსანიშნავია, რომ ზაზას კომენტარს "უორიორსის" ფანების უმეტესობა მოწონებით შეხვდა. ZPach is a Warrior - წერს ერთ-ერთი მათგანი ("ზაზა ფაჩულია ნამდვილი "მებრძოლია").
"მომწონს ეს ამბავი, ზაზა კარგი კალათბურთელია და ის სულ უფრო კარგად ეწყობა ჩვენს სტარტერებს. ბედნიერები ვიქნებით, თუ დარჩება".
"დიახ, ეს დიდებულია, ზაზა ისე კარგად მოერგო გუნდს, რომ ის უნდა შევინარჩუნოთ, რამდენადაც ეს შესაძლებელი იქნება".
"ზოგიერთმა თქვენგანმა" უნდა შეამოწმოს თქვენივე სკეპტიკური პოსტები სეზონის დასაწყისში", - იხსენებს ერთ-ერთი.
მართლაც, სეზონის დასაწყისში ფანებს ძირითადად უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდათ ზაზას თამაშისადმი.
წყარო: sportall.ge