ია ანთაძე საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს
საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი. ია ანთაძე. ვასილ მაღლაფერიძის მიერ წარდგენილ გეგმასთან დაკავშირებით ამბობს, რომ სამეურვეო საბჭოს ალტერნატიული ვერსიის შეთავაზება შეუძლია.
გენერალური დირექტორის მიერ წარდგენილი სამწლიანი სტრატეგია მაუწყებელზე საინფორმაციო პროგრამა მოამბის გარდა, ყველა გადაცემის გაჩერებას და ამ პერიოდში ახალ შენობაში გადასვლას, ტექნიკურ გადაიარაღებას და განახლებას გულისხმობს.
ია ანთაძის თქმით, სამეურვეო საბჭოს მიერ გეგმის დამტკიცების შემთხვევაში, გადაცემები შეჩერდება, 2018 წლიდან კი ახალი საეთერო ბადით წარდგებიან მაყურებლის წინაშე და საზოგადოებრივი მაუწყებელი გაცილებით კონკურენტუნარიანი გახდება.
„ეს შეჩერება გრძელდება რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩვენ ბადის განახლებას ვიწყებთ 2018 წლიდან და ამ თვეების განმავლობაში, დიახ, ეს ნიშნავს, რომ ეთერში იქნება ე.წ. მექანიკური პროდუქცია და იქნება მოამბე, საინფორმაციო პროგრამა,“ - აცხადებს ია ანთაძე.
ია ანთაძე აღნიშნავს, რომ ტელევიზიაში თანამშრომელთა გათავისუფლების კუთხით ამ ეტაპზე სიები არ დგება, თუმცა დასაქმებულებს ჰპირდება, რომ პროცესი სამართლიანად წარიმართება.
„მოამბე თავისი განახლებული ფორმატით და ის მექანიკური პროდუქცია, რომელიც იქნება ეთერში, ჩვენ მთლიანობაში გვაძლებს საშუალებას, რომ დავფაროთ აბსოლუტურად ყველა ვალდებულება, რომელიც ჩვენ გვაქვს კანონით აღებული,“ - აცხადებს ია ანთაძე.