თეგებით ძიება
07. 02. 2017 News-ები

ლევან მურუსიძე ნატა ნაზღაიძის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტურ ცილისწამებად აფასებს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ლევან მურუსიძე „რუსთავი 2“-ის საქმის განმხილველი მოსამართლის ნატა ნაზღაიძის მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებს აბსოლუტურ ცილისწამებად აფასებს.

როგორც მურუსიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს არის სასამართლო სისტემისთვის და კონკრეტული მოსამართლისთვის ტალახის სროლის და დისკრედიტაციის მცდელობა.

„ბოლო დღეების განმავლობაში, მიდის ცილისწამება, რომ კონკრეტულმა მოსამართლემ ნატა ნაზღაიძემ აიღო მილიონი ლარი, რათა განეხილა ერთ-ერთი საქმე. ეს არის აბსოლუტური ცილისწამება, ეს არის სასამართლო სისტემისთვის და კონკრეტული მოსამართლისთვის ტალახის სროლისა და დისკრედიტაციის მცდელობა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო არ დაუშვებს ულტიმატუმებს, რომ შეაჩეროს ამა თუ იმ მოსამართლის საქმიანობა“, - განაცხადა მურუსიძემ.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი აცხადებს, რომ თბილისის მერიიდან არათუ ნატა ნაზღაიძეს, არამედ მის ძმასაც არ აუღია ერთი თეთრი.
მურუსიძე მნიშვნელოვან გარემოებად მიიჩნევს იმასაც, რომ ცნობილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით გარიგება მოხდა 2013 წელს, როდესაც „რუსთავი 2“ საქმე საერთოდ არ არსებობდა.

„მივმართავ არასამთავრობო ორგანიზაციებს, ბატონ პრეზიდენტს და ყველას, ვინც დაინტერესებულია სასამართლო სისტემით, რომ შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს, თუ რამდენად მორალურია და რამდენად ჯდება კანონის ფარგლებში, რომ მოსამართლის მიმართ გამოითქვას ისეთი ბრალდებები, როგორიც არის ქრთამის აღება იმ დროს, როდესაც ეს არ არის დადასტურებული. ვესაუბრე ნატა ნაზღაიძესაც, დავინტერესდი ამით, გავეცანი დოკუმენტებსაც. ჩემი მოსაზრებით, ნატა ნაზღაიძე საერთოდ არაფერ შუაშია, არც მას და არც მის ძმას, ერთი თეთრიც არ აუღიათ. თუ იქნება საუბარი ულტიმატუმების ენით, ეს დარჩება მხოლოდ გულის მოოხებად“, - განაცხადა მურუსიძემ.

ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოში, ”რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარის, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ძმას, ზვიად ნაზღაიძეს თბილისის მერიამ სახელმწიფოს კუთვნილი 1 მილიონი ლარის ქონება გადასცა.

interpressnews.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა