თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1385527251512211
14. 02. 2017 News-ები

სკანდალური წერილი, რომელიც სავარაუდოდ დეკანოზმა გიორგი მამალაძემ პატრიარქს მისწერა

რუსთავი 2-მა მოიპოვა წერილი, რომელიც სავარაუდოდ, დეკანოზმა მამა გიორგი მამალაძემ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს გაუგზავნა. წერილის ავთენტურობა ჯერ დადასტურებული არ არის, თუმცა დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ამჟამად დაკავებულმა მამა გიორგი მამალაძემ შესაძლოა პატრიარქს იმ პრობლემების შესახებ მისწერა, რომლებიც საპატრიარქოს შიგნით და მის გარეთ ვითარდებოდა.

წერილის მიხედვით, მამა გიორგი პატრიარქს აცნობებს, რომ ფინანსური შემოწმების შედეგად ირკვევა საპატრიარქოს კლინიკაში 5 მილიონ ლარამდე დავალიანების აღმოჩენის შესახებ, რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც. წერილში აღნიშნულია, რომ მამა გიორგი მამალაძეს საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ, ქორეპისკოპოსმა იაკობმა სთხოვა ეს საკითხი არ გაეხმაურებინა.

საუბარი ასევე არის საპატრიარქოსა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის კორუფციულ გარიგებებზე და არაკეთილსინდისიერ ქმედებებზე.

წერილს, რომელიც მამა გიორგი მამალაძემ სავარაუდოდ პატრიარქს გადაუგზავნა, უცვლელად გთავაზობთ:

„თქვენო უწმინდესობავ!

მოგესალმებით, მადლობას მოგახსენებთ ჩემს მოსასმენად გამოყოფილი დროისთვის და საწყისშივე გიდასტურებთ ჩემს მორჩილებას წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წინაშე...

მოგეხსენებათ, კათოლიკოს პატრიარქის 2015 წლის 14 სექტემბერს შეიქმნა ქონების მართვის სამსახური, ხოლო მე დავინიშნე სამსახურის უფროსად.

2015 წლის დეკემბრის სინოდის სხდომაზე, რომელზედაც მე სურვილი მქონდა წარმომედგინა სამსახურის 3 თვიანი მუშაობის ანგარიში, გარკვეული ჯგუფის მიერ ხელოვნურად იქნა დაბლოკილი ამ მოხსენების წარდგენა. ყოველივე ამის შემდეგ, ამ ძალების დიდი მცდელობების შედეგად, მე გამათავისუფლეს სამსახურის უფროსის თანამდებობიდან, თუმცა მუშაობა გავაგრძელე ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციაზე და კვლავაც ხელი მიმიწვდებოდა მასალებზე.

როგორც მოგახსენეთ, დეკემბრის სინოდისთვის მე მქონდა მომზადებული 3 თვიანი მუშაობის შედეგების მოხსენება. რომელსაც შევეცდები მოკლედ გადმოგცეთ დღეს და იმ სავალალო მდგომარეობის შესახებ შეგიქმნათ წარმოდგენა, რომელიც ეკლესიის ქონებებს ეხება....

სამსახურმა უმოკლეს პერიოდში მოახდინა სახელმწიფო რეესტრში არსებული საჯარო ინფორმაციის ამოღება და შესწავლის დაწყება. არსებული მდგომარეობა ძალზედ სავალალო აღმოჩნდა. საქართველოს საპატრიარქოს 100 % წილით დაფუძნებული ორგანიზაციების სიაში აღმოჩნდა სამეწარმეო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანიზაციები (შპს), რომლებიც წლებია ეწევიან სხვადასხვა საქმიანობას.: მაგ.: ნავთობ პროდუქტების შემოტანა-რეალიზაცია-გადამუშავებას, არალეგალური ტექნიკური სპირტის წარმოება, სამშენებლო კომპანიები, რაგბის და სხვა სპორტული კლუბები და ა.შ.

ასევე არასამეწარმეო არამომგებიანი იურიდიული ორგანიზაციები (ააიპ), რომლებიც კანონის უხეში დარღვევით ეწევიან სამეწარმეო საქმიანობას.

საკითხს ართულებს ის, რომ ვერ ვარკვევთ კომპანიები სად დარეგისტრირდა, რადგანაც მოქმედი კანონმდებლობით კათოლიკოს პატრიარქის მიერ გაცემული მინდობილობების საფუძველზე მინდობილ პირს უფლება აქვს დაარეგისტრიროს ნებისმიერი კომპანია... სამწუხარო კი გახლავთ ის რომ მღვდელთმთავრებისა და რიგი სასულიერო პირების გარდა მინდობილი პირებად გვევლინებიან საერო პირები, რომელთა სახელები სამწუხაროდ ბევრ გახმაურებულ საკითხს ეხება რაც ეკლესიის იმიჯზე ნამდვილად არ ისახება კარგად... საკითხის სირთულე მდგომარეობს იმაშიც, რომ ეს დღემდე გაურკვეველი კომპანიები ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოს წინაშე იმყოფებიან ფინანსურ დავალიანებებში და მათი საბუღალტრო აღრიცხვიანობა შესასწავლია რაც საბოლოო ჯამში ეკლესიის ზოგად ქონებას უქმნის საფრთხეს.

ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ეხება სასოფლო-სამეურნეო მიწებს, რომელიც ეკლესიის მფლობელობაშია იურიდიულად, მაგრამ დატაცებულია... დღეის მდგომარეობით კი სახელმწიფოსგან გამოთხოვადი 3000 საკითხი შეჩერებულია. უნდა აღინიშნოს, რომ დღეის მდგომარეობით საკუთრებაში არსებული ათასობით ჰექტარი მიწა გასხვისებულია ბუნდოვანი გარიგებების საფუძველზე, რომლითაც საპატრიარქოს ოფიციალური სარგებელი არ აქვს. სამწუხაროდ იკვეთება კერძო პირების სარგებელი.

მაგ.: თბილისის #1 პოლიკლინიკის შენობა, კარდიოლოგიური კლინიკის შენობა, ყაზბეგის სასტუმრო ROOMS-ის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი დღემდე საპატრიარქოს საკუთრებად ითვლება, მაგრამ მასში განთავსებული კერძო კლინიკა, რომლისგანაც საპატრიარქო არანაირ სარგებელს ღებულობს.

ასევე ყურადსაღებია მიღებული ქონებების იურიდიული თუ ფინანსური მდგომარეობაც მაგალითისთვის არსებობს ფაქტები, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთები თუ შენობა ნაგებობები გადმოეცემა ეკლესიას და ეს ვალდებულებები ავტომატურ რეჟიმში გადმოყვება ხოლმე. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია განთავისუფლებულია ქონების გადასახადისაგან მსგავსი ფაქტები ეკლესიას არ ათავისუფლებს ვალდებულებისაგან რაც საეკლესიო ქონებებს საფრთხეს უქმნის. ძალზედ მნიშვნელოვანია სახელმწიფოსგან გადმოცემული ქონებების მდგომარეობაც, რომელთა შესწავლაც არ ხდება და ეკლესია ძალზედ არასასიამოვნო სიტუაციაში ვარდება, რაც ვფიქრობ, ეკლესიის იმიჯის საწინააღმდეგოდ სპეციალურად გადადგმული ნაბიჯია და ასევე მავანთა ხელის მოთბობის საშუალებაა. ასევე აღსანიშნავია წავკისის თავშესაფარი. ეს წავკისის სახლი ეკუთვნოდა ბატონ სულხან მოლაშვილს. მადლობა ღმერთს ამ სახლის გადაცემა მოხდა მეპატრონეზე მაგრამ ფაქტი მრავალი კითხვის ნიშნებს ბადებს. ასევე დელისი 2 ყოფილი საყოფაცხოვრებოს კუთვნილი ბინა ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე, რომელიც მოქალაქემ გამოისყიდა ნაწილობრივ და ამ საკანონმდებლო ცვლილების გამო სახელმწიფომ საპატრიარქოსთან შეთანხმებით რომ ეკლესიაზე გადმოცემის მერე ეკლესია დაუბრუნებდა ამ ქალბატონს უკან პროცედურა უფრო მარტივი რომ ყოფილიყო ეს ოჯახი ამაოდ ელის რამდენიმე წელია ამ ბინის უკან დაბრუნებას... (ამ ოჯახს შესაბამისი გადახდების დოკუმენტაცია გააჩნია, ხოლო ოჯახს მეუფეთა უმრავლესობა იცნობს და შეუძლიათ გადამოწმება). ასევე ბობოყვათის რეზიდენცია, რომელსაც მიღების დროს სოლიდური კომუნალური დავალიანება ჰქონდა. მიუხედავად ჩემი გაფრთხილებისა არ იქნა გათვალისწინებული ეს ფაქტი და ქონება დავალიანებითურთ მივიღეთ. დავალიანების გამო დღეს იქ მცხოვრებ დედებს არ მიეწოდებათ ბუნებრივი აირი და ელექტრო ენერგია.

განსაკუთრებული ყურადღება მინდა გავამახვილო საკითხზე, რომელიც ამ ბოლო დღეების განმავლობაში ძალზედ აქტუალურია. ეს ეხება საპატრიარქოს კლინიკის საკითხს. მოგეხსენებათ მრავალი საჩივრის საფუძველზე ჩვენ ფინანსური შემოწმება ჩავატარეთ საპატრიარქოს კლინიკაში სადაც აღმოჩნდა 5 მლნ. ლარამდე დავალიანება რომელიც დაგროვილი იყო არაკეთილსინდისიერი მენეჯმენტის თაღლითური სქემების მეშვეობით და სადაც სავარაუდოდ გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულებიც (სამწუხაროდ არ ხდება ამ ადამიანთა პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება). ამ საკითხის ჩემი მხრიდან დასმისთანავე საპატრიარქოს საფინანსო საბჭოს თავმჯდომარემ ქორეპისკოპოსმა იაკობმა კატეგორიულად მომთხოვა არ გამეხმაურებინა ეს საკითხი. ბუნებრივია მე გავაგრძელე ამ საკითხების მოკვლევა.

ამას დაემატა სნოს წყლის საკითხიც, რომელიც ასევე ბუნდოვანია, რომელშიც გარკვევა უშუალოდ თქვენმა უწმინდესობამ დამავალა. მოგეხსენებათ სნოს წყალი შეიქმნა 50-50% მონაწილეობით საპატრიარქოსა და ვ. ლიპარტიანის მონაწილეობით. მოგვიანებით 25 მლნ. საწარმოს 30 პროცენტი გასხვისდა 150 ლარად (იმ პირობით, რომ 3 თვეში ის ისევ საპატრიარქოს დაუბრუნდებოდა), მაგრამ გასული წლების მიუხედავად ქონება არ დაბრუნდა.... უწმინდესის დავალებით მოვითხოვეთ კუთვნილი 30 % მაგრამ ამაოდ, რის შემდეგაც უწმინდესის გადაწყვეტილებით დარჩენილი 20 % უსასყიდლოდ გადაეცა დანარჩენი 80%–ის მფლობელს. მაგრამ საზოგადოებისთვის სნოს წყალი ისევ ეკლესიის საკუთრებად რჩება, რადგან ზუსტად 1 წელია, გასხვისების მიუხედავად, საპატრიარქომ არ გააკეთა განცხადება დღეს არსებული 100% წილის მფლობელთა გულის მოსაგებად. ამ საკითხშიც ნათლად ჩანს უკანონო გარიგების ფაქტები.

თქვენო უწმინდესობავ, სამწუხაროდ უნდა მოგახსენოთ, რომ აღნიშნული საკითხების მოკვლევისას გამოიკვეთა ხელისუფლების ზოგიერთი მაღალჩინოსნისა და საპატრიარქოს წარმომადგენლის არაკეთილსინდისიერი ინტერესები საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებით. ასევე იყო ჩემს მიმართ მუქარა, რაზეც პირადად მინდა გესაუბროთ. ხელთ მაქვს ძალიან ბევრი მასალა რაც ეკლესიის მიმართ ჩადენილ დანაშაულებს გამოავლენს.

ამ და მრავალი სხვა საკითხის გადასაჭრელად ქონების მართვის სამსახური გთხოვთ თქვენი ლოცვა–კურთხევით ჩატარდეს საპატრიარქოს ქონებისა და ფინანსების აუდიტი, რათა მოიხსნას ბევრი საკითხის ბუნდოვანება. ჩვენი თვალთახედვით ძალიან ბევრი ფაქტი შეიძლება შეიცავდეს დანაშაულს, რომლის კვალიც საპატრიარქოს საერო და სასულიერო მაღალჩინოსნებამდე მიდის.

ასევე მინდა გთხოვოთ სინოდალურად გადაწყვიტოთ პატრიარქის ყველა მინდობილობის გაუქმება (სანამ ბუნდოვანი საკითხები არ გაირკვევა) რომელიც ეხება ქონებრივ საკითხს შესაბამის ნოტარიუსებთან.

თქვენო უწმინდესობავ, მაქვს თქვენი პრინციპულობის იმედი, რომ აღნიშნული საკითხების ბუნდოვანება აღარ დააზარალებს ეკლესიის იმიჯს.

დამლოცეთ!

დეკანოზი გიორგი მამალაძე“.

ავტორი: ნოდარ მელაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა