კობუს პოტხიტერი: საქართველოში საქართველოს წინააღმდეგ... უკეთესი რა უნდა იყოს?!
18 თებერვალს, რუსთავის სარაგბო სტადიონის მედიადარბაზში, გერმანიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კობუს პოტხიტერმა პრესკონფერენცია გამართა.
19 თებერვალს, "ბორჯღალოსნები" "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" მეორე ტურში გერმანიას დაუპირისპირდებიან. თამაში რუსთავში 15:00 საათზე დაიწყება.
"რუმინეთის ნაკრებთან გამარჯვება უკან დარჩა. ახლა მხოლოდ საქართველოზე ვფიქრობთ, რომელსაც დიდ პატივს ვცემთ. მთლიანად ამ თამაშზე ვართ კონცენტრირებულნი.
გუნდი შენების პროცესშია და შემადგენლობაში ცვლილებები სწორედ ამ მიზეზით შევიტანე. რამდენიმე პოზიციის გაძლიერება გვსურს. საქართველოს ნაკრებს საქართველოში რომ ეთამაშები, მათ გამოსაცდელად ამაზე უკეთესი შესაძლებლობა რა უნდა იყოს?!
რუმინეთთან მოგების მიუხედავად, ჩვენი გეგმები არ შეცვლილა. ჩვენი ამოცანა ჯგუფში კვლავ ორი გამარჯვებაა. გვესმის, რომ ყველა მატჩში მოედანზე მოსაგებად ვერ გავალთ, მაგრამ მთავარია, მორაგბეებს თვდაჯერება შეემატათ", - განაცხადა პოტხიტერმა.
წყარო: sportall.ge