თეგებით ძიება
11. 11. 2019 News-ები

"როცა ადგილზე უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი, ცოტა სასაცილოა გახვიდე ევროპაში და მილიონი დახარჯო იმისთვის, რომ მოყვე როგორი კარგი მეურნეობა გვაქვს"- შამათავა

წლებია გვესმის, რომ საქართველოს დიდი ტურისტული პოტენციალი აქვს. თუმცა, ასევე, წლებია ვერ ვახერხებთ ამ პოტენციალის გამოყენებას - ამის შესახებ "სამოქალაქო პლატფორმა - ახალი საქართველოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, თამთა შამათავა საუბრობს.

მისივე შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ტურიზმი მთავრობის უცვლელ პრიორიტეტად რჩება, ასევე უცვლელად რჩება ამ სფეროში არსებული პრობლემები.

"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საზღვარგარეთ ქვეყნის პოპულარიზაციისთვის მილიონობით ლარს ხარჯავს ყოველწლიურად თუმცა, რამდენად ეფექტურია ის შედეგი, რაშიც ამ თანხებს ვიხდით?!

აი, მაგალითად, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ 2019 წლის 30 ოქტომბერს, გამარტივებული შესყიდვით 82 960 ევრო გადაიხადა ლონდონში გამოფენაზე გასატან სტენდში. ცხადია, საერთაშორისო მარკეტინგი საჭიროა, თუმცა არავინ გვეუბნება რა შედეგები მოჰყვა მას, რა გავლენას იქონიებს ტურისტების შემოდინებაზე და შესაბამისად, რამდენად მიზანშეწონილია ამ თანხის გადახდა.

მათივე სტატისტიკით ჩანს,რომ საერთაშორისო ტურისტული გამოფენებისა და საქართველოს მთავრობის მიერ დაბეჭდილი საპრომოციო მასალის ეფექტი ქვეყანაში შემოსული ტურისტების საერთო რაოდენობის 1.1%-ია. ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს ქვეყანაში შემოვიდა 4.8 მლნ. ტურისტი. გამოდის, რომ ათობით მილიონი გადავიხადეთ დაახლოებით 50 ათას ტურისტში.

მნიშვნელოვანია, საქართველოს, როგორც ტურისტული ქვეყნის, პოპულარიზაცია საერთაშორისო ბაზარზე , მაგრამ რამდენად ნორმალურია, როცა ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის ათობით მილიონ ლარს ვიხდით ქვეყნის ფარგლებს გარეთ და აქ, კახელი გლეხი ვერ აბარებს ყურძენს. როცა ადგილზე უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი და ამ დროს, გახვიდე ევროპაში და მილიონი დახარჯო იმისთვის, რომ მოყვე როგორი კარგი მეურნეობა გვაქვს, ცოტა სასაცილოა.

და ბოლოს, ერთი კითხვა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან - დაახლოებით, რომელი წლიდან და როგორ აპირებთ თქვენს გვერდზე განთავსებული სტრატეგია 2025-ის განხორციელებას?! როგორც წესი, უწყებების სტრატეგიული დოკუმენტები შთამბეჭდავად გამოიყურება, თუმცა მისი ეფექტური განხორციელება მთავრობის აქილევსის ქუსლად რჩება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა