თეგებით ძიება
27. 01. 2020 News-ები

რომელი პრეპარატების მიღებაა დაუშვებელი ალკოჰოლთან ერთად? - საახალწლოდ გასათვალისწინებელი რჩევები

ახალი წლის ღამეს ტრადიციულად ყველას უყვარს შამპანურის დალევა. ტრადიციას ხშირად არ ღალატობენ ქრონიკულად მოავადენიც, რომლებიც ამა თუ იმ პრეპარატს იღებენ.
არა და, საყურადღებო და გასათვალისწინებელია, რომ ბევრი პრეპარატი ვერ ერწყმის ალკოჰოლს. ნებისმიერი ალკოჰოლური სასმელი სისხლძარღვთა გაფართოების ფაზის შემდეგ მათ შევიწროებას (სპაზმს) იწვევს. ჰიპერტონიით დაავადებულთათვის ეს შესაძლოა წნევის მაჩვენებელთა მკვეთრი მატებით და ჰიპერტონული კრიზითაც კი დასრულდეს.

კატეგორიულად დაუშვებელია სპირტიანი სასმელების (შამპანურისაც კი) დალევა, თუ ადამიანი იღებს დამამშვიდებელ, ფსიქოტროპულ პრეპარატებს შფოთვისა და განგაშის შესამცირებლად, ასევე ასპირინს, იბუპროფენს, დიკლოფენაკს, პარაცეტამოლს, ანტიდეპრესიულ და ნეიროლეფსიურ საშუალებებს.

კატეგორიულად არ ერწყმის ალკოჰოლს ასევე ჩონჩხის კუნთების სარელაქსაციო (მომადუნებელი) საშუალებებიც, ინსულინი და შაქრის დამაქვეითებელი პრეპარატები, სტატინები – პრეპარატები, რომლებიც ქოლესტერინის დონის ნორმალიზაციისათვის არის გამიზნული. ეთანოლთან ამ პრეპარატების შერწყმამ შეიძლება მძიმე გართულებები გამოიწვიოს, ლეტალური შედეგიც კი.

ალკოჰოლური სასმელების დალევის შემდეგ საშიშია ასევე ცეფალოსპორინების, სულფანილამიდების (ბისეპტოლის ჩათვლით),ნიტროფურანების (ფურაზოლიდონი), მეტრონიდაზოლის მიღება. გულის პათოლოგიით დაავადებულებს, რომლებიც იღებენ ვარფარინს, მედიკოსები ასევე უკრძალავენ ალკოჰოლის მიღებას.

აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს მითითებები და ნუ შეუქმნით საფრთხეს ჯანმრთელობას ახალი წლის ღამეს ალკოჰოლის მიღებით!

author:თინათინ გოცაძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა