თეგებით ძიება
08. 10. 2020 News-ები

აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად- დავაით ზალკალიანი

„აზერბაიჯანი იყო, არის და რჩება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორ, უაღრესად ახლო მეზობელ და მეგობარ ქვეყნად, ვერანაირი საგამოძიებო პროცესი და ახლად აღმოჩენილი გარემოებები დემარკაცია-დემილიტაციის კომისიის პროცესის ფარგლებში გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობაზე და კეთილმეზობლურ ურთიერთობაზე” – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მინისტრის თქმით, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას შედგა საგნობრივი, შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დემილიტაციის პროცესთან დაკავშირებით, კერძოდ, დავით გარეჯთან მიმართებაში,რადგან აღნიშნული წარმოადგენს უაღრესად მნიშვნელოვან და სენსიტიურ თემას ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში.
„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ახალი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის.”- აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის განცხადებით, ოპონენტების მხრიდან, ხდება აღნიშნული საკითხის პოლიტიზაცია და აბსოლუტურად უსაფუძვლო ბმა აზერბაიჯანისა და სომხეთს შორის მიმდინარე ესკალაციასთან:
„შეხვედრა შედგა 24 სექტემბერს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც არანაირი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის არ მიმდინარეობდა, ეს პროცესი დაიწყო 27 სექტემბერს, ეს არის საკითხის უპასუხისმგებლო პოლიტიზირების მცდელობა ოპონენტების მხრიდან. გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან, გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობას არ მიადგება. ეს რომ ასეა, ამას ადასტურებს აზერბაიჯანელი კოლეგების გამოხმაურებები, მათ შორის პრეზიდენტის მრჩევლის. ეს არის სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანი საკითხი და ყველას მოვუწოდებ, რომ ნუ ეცდებიან საკითხის პოლიტიზირებას. კომისიას ერთი დღეც არ დაუკარგავს, რომ მოეპოვებინა ჩვენი პოზიციის გასამყარებელი დოკუმენტაცია მტკიცებულებები, რომელიც სამწუხაროდ არ იყო გამოყენებული წინა კომისიის შემადგენლობების მხრიდან. ვფიქრობ, საჭიროა რომ კომისიამ მუშაობა განაახლოს ამ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით და ახლადაღმოჩენილ საექსპერტო დასკვნებზე დაბუძნებით, რომელიც მნიშვნელოვნად ამყარებს საქართველოს პოზიციებს“ – განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მინისტრის თქმით, ქართულ მხარეს აზერბაიჯანთან არანაირი პრეტენზია არ გააჩნია, რაც მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტისას გაიმართა.​

წყარო:newpost.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა