გორთან მომხდარი ავარიის გამო, თურქ მძღოლს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება
შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გორში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო, დაკავებულია თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.
დაკავებულს 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.
ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, გორში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღო. „გორმედის“ რეანიმაციულ განყოფილებაში, დღეს დილით კიდევ ერთი დაშავებული გარდაიცვალა.