ავარიის საქმეზე, რომელსაც მამა გრიგოლის ქალიშვილი ემსხვერპლა, პოლიციელი დააკავეს
გურჯაანის სოფელ ვაზისუბანში მომხდარი საზარელი ავარიის ფაქტზე, რომელსაც 14 წლის მოზარდის სიცოცხლე შეეწირა, ხოლო ხოლო მისი და მძიმედ დაშავდა, პროკურატურამ თელავის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი რ.მ. დააკავა.
პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 3 ნოემბერს გურჯაანის რაიონის სოფელ ვაზისუბანში, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე საკუთარი ავტომანქანით მოძრავი რ.მ. შეეჯახა მოპედს, რომელსაც 14 წლის მოზარდი მართავდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი გარდაიცვალა, ხოლო მისი მგზავრი, 9 წლის მოზარდი მიღებული დაზიანებებით საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
"გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, დაინიშნა სხვადასხვა სახის ექსპერტიზები, მათ შორის დაკავებული პირის სიმთვრალე-სიფხიზლის დადგენის მიზნით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევა იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია) მიმდინარეობს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ავარია გუშინ საღამოს საათებში მოხდა. 14 წლის სალომე მთვარელიშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მისი და კი მძიმედ დაშავდა. გოგოები ჩუმლაყის ტაძრის წინამძვრის მამა გრიგოლ მთვარელიშვილის შვილები არიან. დაშავებული მოზარდი რეანიმობილით თბილისის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს.