დედა-შვილის მკველობის ფაქტზე პოლიციამ მამა-შვილი დააკავა
მარნეულში ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გაიხსნა, დაკავებულია ორი პირი, – აცხადებენ შსს-ში.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მამა-შვილი 1982 წელს დაბადებული ა.რ. და 2004 წელს დაბადებული მ.რ. მარნეულში დააკავეს.
მათ ბრალი ორი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობაში ედებათ.
დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახლოლალოში, მეზობლად მცხოვრებ დედა-შვილს – 1981 წელს დაბადებულ ზ.ბ.-ს და 1997 წელს დაბადებულ ა.რ.-ს, წარსულში არსებული უთანხმოების ნიადაგზე, მათივე საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღებიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენეს.
„პოლიციამ ორივე ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღები – სანადირო თოფები ნივთმტკიცების სახით ამოიღეს.
დამამძიმებელ გარემოებებში ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.