თეგებით ძიება

გაერთიანებული ოპოზიციის დამკვირვებლები სუს-ში დაიბარეს

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის გამოკითხვის შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში “ძალა ერთობაშია – გაერთიანებული ოპოზიციის” დამკვირვებლები დაიბარეს.

საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, 30 ოქტომბერს, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ არჩევნების დღეს ოპოზიცია ძალადობასა და პროვოკაციებს გეგმავს.

კობახიძემ თქვა, რომ მათი ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს – ნიკა მელიას, დევი ჭანკოტაძესა და დიმიტრი შაშკინს – მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, „რომლებიც აღჭურვილნი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით. მათი გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და, შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც“.

აღნიშნული განცხადების საფუძველზე ირაკლი კობახიძე სუს-ში გამოკითხვაზე გუშინ, 5 ნოემბერს, იმყოფებოდა.

“მე დავასახელე დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ჩემი ინფორმაციის წყარო, ასევე, ინფორმაციის შინაარსი, ასევე წარვადგინე იმ ადამიანების სია, რომლებიც იყვნენ მოაზრებული ასეთი დესტრუქციული სცენარისთვის”, — განაცხადა კობახიძემ.

როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი, ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, სუს-ის მეშვეობით ირაკლი კობახიძე და ბიძინა ივანიშვილი ცდილობენ, რომ ოპოზიის დამკვირვებლები დააშინონ და საპროტესტო მუხტი დააცხრონ.

“ეს არის თითიდან გამოწოვილი საქმე. ადამიანმა ერთი წლის წინ მეწარმემ რომ იყიდა ელექტროშოკი და ავტომობილის საბარგულში ედო, როგორ კავშირში უნდა იყოს ათეულობით დამკვირვებლის საქმიანობასთან? შეუძლებელია, ეს კავშირი არ არსებობს”, — განუცხადა ბასილაიამ “ტვ პირველს”.

წყარო: ნეტგაზეთი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა