ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილს პატიმრობა შეეფარდა
თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით ბრალდებულ ლევან ზურაბაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
ადვოკატები მისთვის 1000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდენ.
შეგახსენებთ, ოფიციალური ინფორმაციით, 20 ნოემბერს, თბილისში, წერეთლის გამზ. №12ა-ში მდებარე შპს „მიკრო ბიზნეს კაპიტალის“ შენობაში შეიჭრა პირი, რომელმაც ცეცხლსასროლი იარაღისა და ხელყუმბარის მსგავსი საგნების გამოყენების მუქარით, სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების სანაცვლოდ, შენობაში მყოფი 19 ადამიანი მძევლად აიყვანა.
ლევან ზურაბაშვილს მძევლად ხელში ჩაგდების მუხლით აქვს ბრალი წარდგენილი. ასევე, საქმეზე დაინიშნა ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
გამოძიება სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.