ადვოკატი ლევან ზურაბაშვილისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას გაასაჩივრებს
მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დაკავებული ლევან ზურაბაშვილის ადვოკატი გიორგი ჭოჭუა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.
ლევან ზურაბაშვილის ადვოკატს გიორგი ჭოჭუას იმედი აქვს, რომ გასაჩივრების შემდეგ, შემდგომი ინსტანცია იმსჯელებს საქმეზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფს პატიმრობიდან გაათავისუფლებს.
უფლებადამცველის თქმით, თუკი, ბრალდებულს გაათავისუფლებენ, ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს.
ცნობისთვის, ლევან ზურაბაშვილს, რომელიც წერეთლის გამზირზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში შეიჭრა და 19 პირი მძევლად აიყვანა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარე დაკავებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი მისი 1000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. სახელმწიფო ბრალდების განმარტებით, ბრალდებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მიმალვის საფრთხე კვლავ არსებობდა. ამასთან, პროკურორი აცხადებდა, რომ ბრალდებულის ქცევიდან გამომდინარე, დანიშნულია ფსიქიატრიული ექსპერტიზა.
ადვოკატის განცხადებით კი, ზურაბაშვილს არავისთვის შეუქმნია საფრთხე. მას უნდოდა პროტესტი საჯაროდ გამოეხატა და მისი პოზიციის მოსასმენად ჟურნალისტები მისულიყვნენ.
ზურაბაშვილს საქართველოს პროკურატურამ მძევლად ხელში ჩაგდების ფაქტზე ბრალი საქართველოს სსკ-ის 144-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მძევლად ხელში ჩაგდებას. დანაშაული, რომლის ჩადენასაც ზურაბაშვილს ედავებიან, 9-დან 14-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.