სამი წელი 19 წლის ბიჭის ჩაცხრილვიდან და ოჯახის ბრძოლა სიმართლისთვის - თემირლან მაჩალიკაშვილი 22 წლის გახდებოდა
თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს 22 წელი შეუსრულდებოდა - პანკისელი ახალგაზრდის საქმე, რომელიც სამი წლის წინ საკუთარ საძინებელში, ლოგინში ჩაცხრილეს, დღემდე ბურუსითაა მოცული.
თემირლანის ოჯახს დღემდე არც ერთ კითხვაზე მიუღია პასუხი სახელმწიფოსგან. 19 წლის ბიჭს ტერორიზმთან კავშირში სდებდნენ ბრალს, თუმცა საქმეში საკმარისი მტკიცებულება არ არსებობს.
პანკისში სახელმწიფოს მხრიდან მსგავსი მასშტაბის დანაშაული ადგილობრივბს არ ახსოვთ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის შემდეგ თემირლანის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი გამუდმებით იბრძვის სიმართლის დასადგენად, თუმცა სახელმწიფო ხელს აფარებს იმ ადამიანს, ვინც ამ დანაშაულის უკან დგას.
პარალელურად, მაჩალიკაშვილის საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაჩქარებული წესით მიმდინარეობს. მოკლული ბიჭის ოჯახის ინტერესებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) იცავს.
EMC-ის იურისტის განცხადებით, ხელისუფლებას მყარი მტკიცებულებები სტრასბურგის სასამართლოში ამ დრომდე არ წარმოუდგენია. უფრო მეტიც - სახელისუფლებო გუნდის წევრები მხოლოდ თემირლან მაჩალიკაშვილის პიროვნების დემორალიზაციასა და საქმის ანტიტერორისტულ სპეცოპერაციად გასაღებას ცდილობენ.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის დეკემბერში პანკისის ხეობაში, სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის რამდენიმე მუხლი დაირღვა, მათ შორის სიცოცხლის უფლება დაირღვა. თავის მხრივ, სახელმწიფო, თავის გამართლების მიზნით, მაჩალიკაშვილს აჰმედ ჩატაევთან და მის ტერორისტულ დაჯგუფებასთან კავშირში სდებს ბრალს და აღნიშნულ სპეცოპერაციას ამ მიზეზს უკავშირებს. სუს-ის განცხადებით, ლოგინში მწოლიარე და მძინარე თემირლანი იყო შეიარაღებული და ხელყუმბარა ეჭირა, რასაც საპასუხო გასროლა მოჰყვა. თუმცა ვერც ეს ვერსია დასტურდება.
მიუხედავად იმისა, რომ მომხდარის შემდეგ პროკურაქტურამ საქმე სამსახურეობრივი მოვალეობის გადამეტების მუხლით აღძრა, თუმცა საქმე მალევე დაიხურა და დანაშაულის ჩადენისთვის სამაგმოძიებო უწყებას არავინ დაუკავებია.
წყარო:newpost.ge