მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობაში ბრალდებულ ყოფილ პოლიციელს 8 წლით პატიმრობა მიესაჯა
მომღერალ თიკა მახალდიანის დედის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ ყოფილ პოლიციელს, სიმონ გაბრიაძეს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა დღეს გამოაცხადა.
სასამართლომ სიმონ გაბრიაძე პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნო, რაც არაპირდაპირი განზრახვით ჩადენილ მკვლელობას გულისხმობს.
ცნობისთვის, შემთხვევა 2020 წლის 19 აპრილს მოხდა. ნუცუბიძის ქუჩაზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის აივნიდან პოლიციელის მიერ გასროლილ ტყვიას თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა.