ახალაიამ წაიყვანა ჩემი შვილი, ამ მეორე შვილის თვალწინ, ეს პატარა იყო მაშინ - ფოთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის დედა
ფოთში 43 წლის გურამ ახალაიას ჩაცხრილვა შურისძიების მოტივითაა ჩადენილი. ამას ადასტურებს ბრალდებულის დედა, რომელიც ამბობს, რომ ამჟამად დაკავებული მისი შვილი პატარა იყო, როცა 2006 წელს, გურამ ახალაიამ საქმის გასარჩევად წაიყვანა მისი მეორე შვილი, ვისი ნაწამები ცხედარი სამი წლის შემდეგ, პალიასტომის ტბაზე, მეთევზეებმა იპოვეს.
"2006 წლის თებერვალში, ამ მეორე შვილის თვალწინ, გურამ ახალაიამ წაიყვანა ჩემი შვილი, ეს პატარა იყო მაშინ, ბავშვობიდან ინვალიდია... სამი წლის მერე ის ჩემი შვილი ნაწამები, ვიღაც მეთევზეებმა იპოვეს პალიასტომის ტბაზე", - ამბობს მკვლელობაში ბრალდებულის დედა.
43 წლის გურამ ახალაია, საკუთარ მანქანაში, ცეცხლსასროლი იარაღით, ფოთის ცენტრში ბაჩანა შალიკაშვილმა მოკლა. ახალგაზრდა მამაკაცი შვილთან ერთად შსს-ს მომსახურების სააგენტოში იმყოფებოდა და ოჯახის წევრს მანქანაში ელოდებოდა რა დროსაც, მასთან ბრალდებული მივიდა და ორი ტყვია დამიზნებით თავში ესროლა.
სისხლიანი ანგარიშსწორება სავარაუდოდ, 2006 წელს მომხდარ დანაშაულს უკავშირდება, როცა ბრალდებულის ძმა გია შალიკაშვილი პალიასტომის ტბაზე მოკლული იპოვეს.
სწორედ ამ მკვლელობაში ადანაშაულებდა გარდაცვლილის ოჯახი გურამ ახალაიას წლების განმავლობაში. ახალაია საზღვარგარეთ ცხოვრობდა და ფოთში 2020 წლის არჩევნების წინ დაბრუნდა.
მოკლული გურამ ახალაიას მეუღლე ამტკიცებს, რომ მის ქმარს შალიკაშვილი არ მოუკლავს და ტყუილად აბრალებენ. დაკავებულის ოჯახის წევრებს კი მომხდარზე საუბარი არ სურთ.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე პოლიციამ ბაჩანა შალიკაშვილი დააკავა. ერთერთი ვერსიით, მკვლელობის შემდეგ გაქცეულ შალიკაშვილს პოლიციამ გზა გადაუჭრა, რის შემდეგაც ბრალდებული მათ ჩაბარდა. ბაჩანა შალიკაშვილს 7- დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.