რა ფოტოები ამოიღეს აჰმედ ჩატაევის კომპიუტერიდან – „ჩვენ შეიძლება მოვკვდეთ, ეს ყველა ძმამ უნდა იცოდეს“
საერთაშორისო ტერორისტის, აჰმედ ჩატაევის მიმართვა თანამებრძოლებისა და პოტენციური ჯიჰადისტებისთვის - ეს მიმართვა 2017 წლის ნოემბერში, ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სხვა მტკიცებულებებთან ერთად ამოიღეს. ასევე ცნობილი გახდა ჩატაევის კუთვნილი კომპიუტერიდან და მეხსიერების ბარათიდან ამოღებული შემზარავი კადრები, სადაც ასახულია, როგორ უსწორდებიან „ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები უდანაშაულო ადამიანებს.
2017 წლის ნოემბერში ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ საერთო ჯამში 600-ზე მეტი ფაილია ამოღებული, მათ შორის გახლავთ მიმართვა, სადაც ჩატაევთან ერთად გამოსახულნი არიან სპეცოპერაციის დროს, ტერორიზმის ბრალდებით დაკავებული შოაიფ ბორზიევი და სპეცრაზმის მიერ ლიკვიდირებული იბრაგიმ ადაშევი, იგივე აბუ ჰურეიერა.
„ეს ვიდეო არის ძმებისთვის და არა გამოსაქვეყნებლად. ვალდებული ვარ, იცოდეთ, რას ვსაუბრობ. ამ გზაზე ჩვენ ერთნი ვართ და ერთმანეთს არ უნდა ვუღალატოთ. მე სადაც არ ვყოფილვარ, სხვადასხვა ქვეყანაში, ავსტრიაშიც და საქართველოშიც, ყველგან და ყოველთვის ვიყავი მუსლუმანი ძმების გვერდით. მათთვის არ მიღალატია. მთელ ჩემს ენერგიას ამ გზაზე ვხარჯავდი და ასე უნდა ვიყოთ მომავალშიც. ამ გზაზე მე, ან თქვენ შეიძლება მოვკვდეთ და ეს ყველა ძმამ უნდა ვიცოდეთ", - ამბობს აჰმედ ჩატაევი მიმართვაში, რომლის ტექსტს „პრაიმტაიმი" ავრცელებს.