რას ამბობს დის მიმართ ძალადობაში ბრალდებული - დედის კომენტარი
დის მიმართ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ბრალდებული 26 წლის მამაკაცმა "რუსთავი2"-ის არცერთ კითხვას არ უპასუხა.
დაზარალებულის და ბრალდებულის დედა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ძალადობას ადგილი არ ჰქონია, ხოლო შესაძლო ძალადობის მსხვერპლმა პოლიციას სპონტანურად, გაუაზრებლად მიმართა.
ბრალდებულისა და შესაძლო მსხვერპლის მეზობლები ადასტურებენ, რომ ამ ეტაპზე, და-ძმა სხვადასხვა ბინაში ცხოვრობენ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ძმამ არასრულწლოვან დას დაზიანება სახის არეში მიაყენა. გოგონას ექსპერტიზა ჩაუტარდება.
საქმეში ჩართულია სოციალური სამსახური, რომლის წარმომადგენელი არასრულწლოვანს ოჯახის წევრთან ერთად უკვე შეხვდა.
"ამ ეტაპზე, რაც მთავარია, არასრულწლოვნისგან განრიდებულია, მისგან განცალკევებულია მოძალადე, ისე, რომ ის უსაფრთხოდ და მშვიდად თავის ბიოლოგიურ ოჯახში ცხოვრობს და უწყვეტად იღებს საგანმანათლებლო პროცესში მონაწილეობას. ერთი თვით არის შემაკავებელი პროცედურები, ეს უკვე სამართალდამცველების პრეროგატივაა და ისინი ამონიტორინგებენ ამას,"- განაცხადა ბორჯომის ტრეფიკინგის სააგენტოს წარმომადგენელმა ირმა ებრალიძემ.
დაზარალებულს უკვე ჰყავს ადვოკატიც, რომელიც აცხადებს, რომ ძიება ოჯახური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. ადვოკატი შალვა გოგოლაძე ადასტურებს, რომ ძმამ დას სახეში გაარტყა, რის შემდეგაც არასრულწლოვანმა პოლიციას მიმართა.
შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბორჯომში, 26 წლის მამაკაცმა გენდერული დისკრიმინაციის ნიშნით, 17 წლის დას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
ძალადობის განმეორებით ჩადენის თავიდან აცილების მიზნით, გ.კ-ს მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოიცა. ასევე, დაწესდა ელექტრონული ზედამხედველობა.
მოძალადეს დაუმაგრდა ელექტრონული სამაჯური და მსხვერპლის წინასწარ განსაზღვრულ ადგილებთან მიახლოების მონიტორინგი მიმდინარეობს.