ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართება
თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას საქმეზე წინასასამართლო სხდომა იმართება. მხარეები მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ. სხდომას დაესწრებიან ბრალდებულებიც. მიმდინარე პროცესს საზოგადოების ნაწილი პოლიტიკური თამაშების ნაწილად აღიქვამს. მტკიცებულებების არ არსებობაზე საუბრობენ ადვოკატები.
"კითხვები ამ საქმის პოლიტიზირებასთან დაკავშირებით, მე ვფიქრობ, რომ უკვე არის პასუხგაცემული. შეიძლება ვიწროპარტიული ინტერესი იყო თავდაპირველად არჩევნების წინაპერიოდში, თუმცა შემდგომ გახდა სახელმწიფოს განსაკუთრებული, რომელიც არ უკავშირდება მართლმსაჯულების აღსრულებას. რა იქნება, ამაზე რთულია საუბარი ჩვენი სასამართლოს პირობებში, თუმცა მე შემიძლია გითხრათ, როგორ უნდა იყოს. მე ვთვლი, რომ ის შუამდგომლობები რომლებიც დაცვის მხარეს გაგვაჩნია და სასამართლოს წინაშე გვაქვს წარდგენილი, ყველა უნდა დაკმაყოფილდეს," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა.
ნატალია ილიჩოვას ადვოკატი, გიორგი მახარაძე ამბობს, რომ წინასასამართლო სხდომაზე დაცვის მხარე დააყენებს შუამდგომლობას კონკრეტული მტკიცებულებების დაუშვებლობასთან დაკავშირებით.
"ესეთი მოუმზადებელი საქმე იშვიათია. მათ შორის პოლიტიკური ნიშნის მატარებელი საქმეებიც. უფრო მეტად სამართლებრივად მომზადებული უნდა იყოს. ამ საქმეში არა არსებობს არანაირი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც რომელიმე ტესტს დააკმაყოფილებს სისხლის სამართლებრივს," - განაცხადა გიორგი მახარაძემ.
მელაშვილი და ილიჩოვა ოთხთვიანი პატიმრობის შემდეგ იანვრის ბოლოს გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. მათ საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ადანაშაულებენ.