„მოძრაობა სირცხვილიას“ წევრები გადაადგილების შეზღუდვის დარღვევისთვის ჯარიმის გადახდას არ აპირებენ
„მოძრაობა სირცხვილიას“ წევრები გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებენ. მოძრაობის წევრები სამართალწარმოების პროცესის დაწყების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საუბარია 6-7 თებერვალს ე.წ. დაუმორჩლებლობის მსვლელობაზე.
მოძრაობის წევრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს, რის გამოც ოთხი პირი საგამოძიებო უწყებაშია დაბარებული. მათი თქმით, სწორედ უწყებაში უნდა გააცნონ ინფორმაცია, მათთვის გამოწერილ ჯარიმებთან დაკავშირებით.
გიგა მაქარაშვილის განცხადებით, მოძრაობის არც ერთი წევრი შსს-ში მისვლას არ აპირებს. მისივე თქმით, კვლავ გეგმავენ „საკომენდანტო საათის“ დარღვევას და არ გამორიცხავენ, რომ ამის შემდეგ მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყოს.
„დამირეკეს გუშინ და მითხრეს, რომ გამოკითხვაზე ვარ დაბარებული. მითხრეს, რომ კადრებში მნახეს, როგორ ვარღვევდი საკომენდანტო საათს და ვმოძრაობდი რუსთაველის გამზირზე. არ ვაპირებ ამ ფარსში მონაწილეობას. არც ერთი მონაწილე არ აპირებს ჯარიმის გადახდას. წარმოდგენა არ გვაქვს ამათგან რას უნდა ველოდოთ, არანაირი რაციონალური მოლოდინი არ გვაქვს. შესაძლოა, კიდევ დავარღვიოთ კომენდანტის საათი და ამის შემდეგ, ალბათ სისხლის სამართლებრივ დევნას დაიწყებენ, თუმცა გარწმუნებთ, ვერავის დაიჭერენ“, – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.