„შეილახა ჩემი ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია“ - ფოთის საპატრულოს თანამშრომელმა TV პირველს სასამართლოში უჩივლა
ფოთის საპატრულოს თანამშრომელმა, გელა კვაშილავამ ნარკოდანაშაულზე გაკეთებული სიუჟეტის გამო TV პირველს სასამართლოში უჩივლა. ის აცხადებს, რომ შეილახა მისი პატივი, ღირსება და საქმიანი რეპუტაცია, რის გამოც მორალური ზიანის დაკისრებას მოითხოვს.
"30 იანვარს TV პირველის ეთერში გავრცელდა ინფორმაცია ჩემ შესახებ მტკიცებით ფორმაში, სადაც გავრცელებული იყო ცრუ ინფორმაცია და მოგონილი ამბები. მოგეხსენებათ, რომ მყავს მეუღლე, მცირეწლოვანი შვილები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მშობლები. ამ ცრუ ინფორმაციით დაზარალდა როგორც ჩემი ოჯახი, ასევე, მე. შეილახა ჩემი ღირსება, პატივი და საქმიანი რეპუტაცია. შესაბამისად, როგორც შსს-ში გამართულ ბრიფინგზე აღვნიშნე, ვიბრძოლებ ჩემი უფლებებისთვის", — განაცხადა კვაშილავამ.
პოლიციის მაიორი გელა კვაშილავა ფოთის საპატრულოს თანამშრომელი და ათეულის მეთაურია. ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო სიუჟეტის თანახმად, 23 იანვარს კვაშილავას მერსედესის მარკის ავტომობილით რამდენიმე აბი სუბოქსინი გადაჰქონდა, რაც პოლიციამ ჩხრეკისას აღმოაჩინა. ტელეკომპანია წყაროზე დაყრდნობით ავრცელებდა ინფორმაციას, რომ იგი არ დააკავეს და სამსახურში დატოვეს.
4 თებერვალს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო ბრიფინგი გაიმართა, სადაც სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის დირექტორმა, ნინო გიორგობიანმა ბოლო პერიოდში მედიაში გავრცელებულ ბრალდებებს ცრუ უწოდა. მის შეფასებით, მსგავსი ბრალდებები შსს-სა და პოლიციელების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.