თეგებით ძიება

ბოლო 100 წლის ყველაზე ცნობილი პანდემიები

მსოფლიო ამ დროისთვის კოვიდ 19-ის პანდემიას ებრძვის, თუმცა ეს პანდემია არც პირველი გახლავთ და ალბათ არც უკანასკნელი. გთავაზობთ 4 ყველაზე ცნობილ პანდემიას XX-XXI საუკუნის ისტორიიდან.

1. ესპანური გრიპი - „ესპანკა“
ესპანური გრიპი, ცნობილია, როგორც ყველა დროის ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსი, რომელიც მსოფლიოში 1918 წელს, პირველი მსოფლიო ომის დროს გავრცელდა. სამხედროების გადაადგილებამ მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გრიპის გლობალურად გავრცელებას.

ინფიცირების პირველი შემთხვევების შესახებ ცნობა 1918 წლის 5 აპრილს გამოჩნდა. ის გრიპის მწვავე ფორმების შესახებ იუწყებოდა, რომლითაც ამერიკის შტატ კანზასში 18 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გარდაიცვალა.

გრიპის შემდეგი კერა 1918 წლის სექტემბერში კემპ დევინსის საწვრთნელ ბაზაზე გაჩნდა. სექტემბრის ბოლოს აქ უკვე ინფიცირების 14 000-მდე შემთხვევა იყო გამოვლენილი, გარდაცვალებისა კი – 757.

1918 წლის ოქტომბერში გრიპმა აშშ-ის 195 000 მოქალაქე შეიწირა. ამერიკის მასშტაბით სამედიცინო პერსონალის ღრმა კრიზისი დაიწყო, იმის გამო, რომ სამედიცინო ჯგუფების უმეტესობა სამხედროებთან მუშაობდა. კრიზისულ სიტუაციასთან გასამკლავებლად წითელი ჯვრის ორგანიზაციამ ექთნების სასწრაფო რეკრუტირება დაიწყო. გარდაცვლილთა სიჭარბის გამო ფილადელფიის შტატში ასობით ცხედარს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ მარხავდნენ. ხელისუფლებას სამაცივრე საწყობები მორგად გამოყენება დასჭირდა. მანქანათმშენებელმა კომპანიებმა მთავრობას კუბოდ გამოსაყენებლად ასობით სათავსო ყუთი გადასცეს.

1918 წლის ნოემბერს ჯარისკაცები დაზავების დღეს აღნიშნავდნენ. პირველი მსოფლიო ომის დასრულებისას სამხედროების დემობილიზაციისა და სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გრიპი ხელახლა გავრცელდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში გავრცელების ახალი ფაზა 1919 წლის გაზაფხულზე დაიწყო. მხოლოდ სან-ფრანცისკოში იანვრის პირველი ხუთი დღის განმავლობაში ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსის შედეგად კი 101 ადამიანი გარდაიცვალა.

1919 წლის ზაფხულში, მას შემდეგ რაც ინფიცირებულთა უმრავლესობას გრიპის მიმართ იმუნიტეტი გამოუმუშავდა, ხოლო დანარჩენი გარდაიცვალა, ესპანური გრიპის პანდემია დასრულდა. საბოლოოდ, ვირუსისგან მსოფლიოს მასშტაბით 50 მილიონი ადამიანი დაიღუპა. აქედან 675 000 მხოლოდ აშშ-ში.

2. აზიური გრიპი (H2N2)
1957 წლის თებერვალში აღმოსავლეთ აზიაში ახალი ტიპის ვირუსი გავრცელდა (H2N2), რამაც პანდემია წარმოქმნა. ვირუსის შესახებ პირველი ცნობა 1957 წლის თებერვალში სინგაპურში გაჩნდა, ჰონგ-კონგში ვირუსი აპრილში შენიშნეს, ხოლო ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო ზოლზე ვირუსის პირველი შემთხვევები ზაფხულში გამოვლინდა. ვირუსი ჩინეთსა და მთელ აღმოსავლეთ აზიაში გავრცელდა.

თავდაპირველი გავრცელებიდან რამდენიმე თვეში მრავალი შემთხვევა გამოვლინდა ბავშვებში, მოხუცებსა და ორსულ ქალებში. ვირუსის ფართოდ გავრცელებამ 1957 წლის სექტემბერში მსოფლიო მასშტაბის პანდემიური კრიზისი შექმნა.

კრიზისი ვაქცინის სწრაფად შემუშავებამ შეაჩერა, თუმცა, აზიურმა გრიპმა მსოფლიო მასშტაბით 1,1 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



3. 1968 წლის გრიპი (H3N2)
1968 წლის გრიპის პანდემია, რომელსაც ჰონგ-კონგის პანდემიასაც უწოდებენ, ჩინეთში დაიწყო. XX საუკუნეში ეს გრიპის პანდემიური გავრცელების მესამე შემთხვევა იყო.

დღემდე არსებული რწმენით, გრიპის ეს ახალი სახეობა 1957 წლის აზიური გრიპის შედეგად შეიძლებოდა გაჩენილიყო – ე.წ „ანტიგენური ცვალებადობის“ გზით, რაც მაშინ ხდება, როცა ვირუსი გენეტიკურ ცვლილებებს განიცდის. შედეგად, ვირუსზე ადამიანის ორგანიზმის იმუნური რეაქცია იცვლება. სწორედ ანტიგენური ცვალებადობის შედეგია ის, რომ ადამიანს ერთი და იგივე გრიპი რამდენჯერმე შეიძლება დაემართოს. სწორედ ამიტომ არის საუკეთესო თავდაცვა ადრეული ვაქცინაცია გრიპებისა და მათი ცვალებადი ფორმების წინააღმდეგ.

მსოფლიოს მასშტაბით 1968 წლის გრიპის პანდემიას ერთი მილიონი ადამიანი ემსხვერპლა.

H3N2 ტიპის ვირუსი მსოფლიოში დღემდე ცირკულირებს, სეზონური გრიპის სახით.



4. 2009 წლის გრიპის პანდემია (H1N1)

ახლო წარსულში მომხდარი პანდემია 2009 წლის გრიპის პანდემიაა, რომელსაც ღორის გრიპსაც უწოდებენ. გრიპი თავდაპირველად აშშ-ში გავრცელდა. ინფიცირების პირველი შემთხვევა 2009 წლის 15 აპრილს კალიფორნიის შტატში გამოვლინდა. ორი დღის შემდეგ, 17 აპრილს, გამოჩნდა მეორე ინფიცირებული, რომელსაც პირველთან კონტაქტი არ ჰქონია. შემდეგი შემთხვევები მალევე გაჩნდა სხვადასხვა შტატში, რამაც ამერიკის ხელისუფლება აიძულა, საგანგაშო მდგომარეობა გამოეცხადებინა. ვირუსის გამოჩენიდან მალევე დაიწყო მუშაობა ვაქცინის შექმნაზე.

27 აპრილს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ პანდემიური სიტუაცია გამოაცხადა და ყველა ქვეყანას ეპიდაფეთქებასთან საბრძოლო მზადებისკენ მოუწოდა.

2009 წლის ივნისისთვის ამერიკის ყველა შტატში გამოვლენილი იყო ინფიცირების შემთხვევა. ვირუსი ძირითადად ბავშვებსა და შუა ხნის პირებზე ვრცელდებოდა. ეს იმით იყო გამოწვეული, რომ უფროსი ასაკის ადამიანებს წარსული გრიპის ვირუსების გადატანის შემდეგ იმუნიტეტი ჰქონდათ H1N1-ის ტიპის ახალი ვირუსის მიმართ.

2009 წლის დეკემბრისთვის გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საბოლოოდ შემუშავდა და ყველა ინფიცირებულისთვის ხელმისაწვდომი გახდა.

2010 წლის აგვისტოში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ H1N1-ის პანდემია დასრულებულად გამოაცხადა.

პანდემიის მიმდინარეობისას მხოლოდ ამერიკაში 60 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა. მთელ მსოფლიოში კი ვირუსმა 575 400 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა