"იმედი მქონდა, რომ ცოლად შემირთავდა" - ჩვენება, რომელიც 14 წლის გოგომ თვითმკვლელობამდე მისცა
"იმედი მქონდა, რომ ცოლად შემირთავდა", - ამის შესახებ ნათქვამია 14 წლის ქობულეთელი გოგოს ჩვენებაში, რომელსაც "პრაიმტაიმი" ავრცელებს.
ჩვენება არასრულწლოვანმა თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე მისცა.
საქმეში დევს არასრულწლოვნის სულ სამი ჩვენება. სააგენტო ამონარიდებს აქვეყნებს.
ირკვევა, რომ დაკითხვის დროს გამოძიება გოგონას სხეულზე არსებული დაზიანებებით დაინტერესდა, რაზეც მან უპასუხა:
„აღნიშნული დაზიანება მივიღე ჩემს საცხოვრებელ სახლში, მე შემთხვევით შევეჯახე კედელს. სწორედ აღნიშნულით არის გამოწვეული დაზიანება. განგიმარტავთ, რომ აღნიშნული დაზიანება მიღებულია ნ.ტ-სთან სქესობრივი კავშირის დამყარებამდე რამდენიმე დღით ადრე, კერძოდ 2020 წლის დეკემბრის თვეში, ზუსტი რიცხვი არ მახსოვს“, – წერს გოგონა ჩვენებაში.
არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებული ნ.ტ-ს ადვოკატი კი ამბობს, რომ ოჯახის წევრების ზეწოლით გოგონამ დაზიანებების რეალური მიზეზი დამალა.
„თქვენ ალბათ გახსოვთ, დედის კომენტარი, როცა ამბობს, რომ ბავშვი ბიძებმა უმოწყალოდ სცემეს და მოკვლით დაემუქრნენ, რომ პოლიციაში არაფერი ეთქვა. სავარაუდოდ, სწორედ ამიტომ ამბობს, რომ სახლში კედელს მიეჯახა. აღნიშნული დაზიანებების მიღება, შემთხვევით კედელზე შეჯახებით გამორიცხულია“, – ამბობს ადვოკატი.
რაც შეეხება ბრალდებულ ნ.ტ-თან ურთიერთობას, არასრულწლოვანი გოგონა ჩვენებაში ჰყვება, რომ მათ ურთიერთობა ნებაყოფლობით ჰქონდათ, ვინაიდან იმედოვნებდა, რომ ნ.ტ ცოლად მოიყვანდა.
„აღნიშნული მოხდა ორივეს ნებით და თანხმობით. ნ.ტ-ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია ძალადობას, მუქარას ან რაიმე სახის იძულებას. იმედი მქონდა, რომ ის ცოლად შემირთავდა“, – ყვება ჩვენებაში 14 წლის გოგონა.
14 წლის გოგონა დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში დაკრძალეს. როგორც ცნობილია, მასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ბრალდებით დაკავებულია 23 წლის ნ.ტ, თუმცა გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლითაც გრძელდება და არ არის გამორიცხული, საქმეზე სხვა პირების დაკავებაც მოხდეს.