ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1993 წელს დაბადებული ვ.გ., 1988 წელს დაბადებული გ.ს. და 1988 წელს დაბადებული ს.ს. თბილისში დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტის - 1985 წელს დაბადებული ვ.ს.-ს და მისი მეუღლის ნათესავის 1986 წელს დაბადებულ ნ.მ.-ს მიმართ.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, საქმეზე ჩატარებული გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.