მეცნიერებმა უშვილობის გამომწვევი მიზეზი დაადგინეს
ჩინეთში მცხოვრები 18 000 წყვილის მონაცემების შესწავლის შემდეგ, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ჰაერის დაბინძურება უნაყოფობის რისკს ზრდის.
კვლევის შედეგები ჟურნალში Environment International გამოქვეყნდა.
დღეისთვის უშვილობის შემთხვევების 30% -ში მიზეზი ამოუხსნელი რჩება, ამიტომ ჩინელმა მეცნიერებმა სცადეს გაერკვიათ, შეიძლება თუ არა, რომ ჰაერის დაბინძურება წყვილების უშვილობის ერთ-ერთი ფაქტორი იყოს.
ჩინეთში მოქმედი კანონის თანახმად, დაორსულებამდე ქალი უნდა დარეგისტრირდეს. ამან მკვლევარებს საშუალება მისცა დეტალური ინფორმაცია შეეგროვებინათ იმ ქალების შესახებ, რომლებიც ორსულობას გეგმავდნენ. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ უნაყოფობის რისკი 20%-ით მეტია ქალებში, რომლებიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაბინძურებულ გარემოში ცხოვრობდნენ.
მომავალში, მეცნიერები აპირებენ ამ საკითხის უფრო დეტალურად შესწავლას, იმის გასარკვევად, თუ როგორ შეიძლება ჰაერის დაბინძურებამ ქალის ნაყოფიერებას ზიანი მიაყენოს.
ვარაუდობენ, რომ მავნე ნივთიერებების მცირე ნაწილაკებმა შეიძლება სხეულის ანთება გამოიწვიოს, რაც ჯანმრთელი კვერცხუჯრედების და სპერმის განვითარებას აფერხებს. იგივეს მოწმობს ამერიკელი მეცნიერების ჩატარებული კვლევაც, რომელშიც უშვილობის საწინააღმდეგო მკურნალობაში ჩართული 600 ქალი მონაწილეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ დაბინძურებული ჰაერის ზემოქმედება ჯანმრთელი კვერცხუჯრედების შემცირებას იწვევს.