ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამას ახალი მომსახურება დაემატა
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამა, რომელსაც ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს, გაფართოვდა - ამბულატორიული მომსახურების მოცულობას ექიმისა და საჭიროებისამებრ, ლაბორატორიის ექთნის ბინაზე ვიზიტი დაემატა, რაც ხელს შეუწყობს პაციენტებისთვის ტუბერკულოზის ხარისხიანი და უსაფრთხო მკურნალობის სრული სერვისის უფასოდ მიწოდებას. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
მათივე ინფორმაციით, სიახლე საშუალებას იძლევა, განსაკუთრებული შემთხვევების დროს, (მაგ: კორონავირუსული ინფექციის გავრცელების მაქსიმალური პრევენცია; ძირითადი ან თანმხლები დაავადების არსებობა, რომელიც ზღუდავს პაციენტის მობილობას და ა.შ.), პაციენტს ექიმის კონსულტაცია ბინაზე ჩაუტარდეს, ასევე, ლაბორატორიის ექთნის მიერ კლინიკო-ლაბორატორიული კვლევისთვის საჭირო ბიოლოგიური მასალა ბინაზე იქნას აღებული.
პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ანაზღაურდება სრულად და თანაგადახდას არ ითვალისწინებს.
„ტუბერკულოზით მსოფლიოში ყოველწლიურად, დაახლოებით, 8-9 მილიონი ადამიანი ავადდება, ამდენად, ის გლობალური პრობლემად ითვლება. მასთან ბრძოლა საქართველოს ხელისუფლებამ ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად დაისახა. ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ტუბერკულოზის მართვის პროგრამის მიმდინარე წლის ბიუჯეტი 12 157 000 ლარით განისაზღვრა (ამბულატორიული მომსახურება - 2 357 000 ლარი; სტაციონარული - 9 800 000 ლარი).
2020 წელს, ამბულატორიული კომპონენტის ფარგლებში, მომსახურება 20 116 ბენეფიციარმა მიიღო, სტაციონარში 1 519-მა პირმა იმკურნალა, მათ შორის, ქირურგიული შემთხვევა 158 იყო. დღეს მეთვალყურეობის ქვეშაა 2 400 ადამიანი.
საყურადღებოა, რომ ბოლო წლების მონაცემებით, აღინიშნება ტუბერკულოზის სახელმწიფო პროგრამის, როგორც ამბულატორიული, ასევე სტაციონარული კომპონენტების ფარგლებში მოსარგებლეთა რიცხვის კლებადი დინამიკა, რაც პროგრამის შედეგიანი მუშაობის მკაფიო ინდიკატორია.
ტუბერკულოზის მართვის სახელმწიფო პროგრამის ამბულატორიული და სტაციონარული კომპონენტების ადმინისტრირებას სსიპ ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტო ახორციელებს.
პროგრამის მიზანია ტუბერკულოზის ავადობის, სიკვდილიანობისა და საზოგადოებაში ინფექციის გავრცელების შემცირება.
პროგრამის მოსარგებლეები არიან: საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები მოქალაქეობის არმქონე და საქართველოში მყოფი ბაქტერიაგამომყოფი (მგბ+) პირები.
ტუბერკულოზი არის ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები. აღნიშნული დაავადების პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაცია (BCG-ვაქცინა), რომელიც ახალშობილს უკეთდება“, - ნათქვამია განცხადებაში.