პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობა - როგორ ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის გზები - რჩევები ფსიქოთერაპევტებისგან
ფსიქიკური ჯანმრთელობა მოიცავს ჩვენს ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას. იგი გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვმოქმედებეთ. ის ასევე გვეხმარება იმის გარკვევაში, თუ როგორ ვუმკლავდებით სტრესს, ურთიერთობა გვაქვს სხვებთან და ვაკეთებთ არჩევანს.
ფსიქიკური ჯანმრთელობა მნიშვნელოვანია ცხოვრების ყველა ეტაპზე, ბავშვობიდან და მოზარდობიდან ზრდასრულობამდე.
ადამიანი სოციალური არსებაა, მისთვის სოციუმის სხვა წევრებთან ურთიერთობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა, ეს უკანასკნელი, პანდემიის პირობებში თითქმის შეუძლებელი ან ძალიან შეზღუდული იყო.
ფსიქოლოგების განცხადებით, ეს მდგომარეობა სტრესულია ყველასთვის, ფსიქიური დაავადებებით და ნარკომანიით დაავადებულ ადამიანებს განსაკუთრებით უჭირთ თავის დაძლევა ასეთ პერიოდებში. სპეციალისტების განმარტებით, ასეთ დროს ნორმალურია შფოთვა და შიში.
პანდემია და ფსიქიკური ჯანმრთელობა - რა კავშირია მათ შორის და როგორ ვიპოვოთ შექმნილი პრობლემების გადაჭრის გზები?! TIA.GE ფსიქოთერაპევტ ინდირა გვარმიანს ესაუბრა.
- რა რჩევებს მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ებრძვიან სხვადასხვა ფსიქიკურ, თუ ფსიქოლოგიურ პრობლემებს პანდემიის პირობებში?
- ისინი რეალურად წარმოადგენენ ყველაზე მოწყვლად ჯგუფს. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანები ადაპტირებული იყვნენ ცხოვრების ძველ წესთან და ერთი სტილიდან მეორეზე გადასვლა ბუნებრივია, რომ რთულია. მათ მოუწიათ სხვადასხვა აქტივობაზე უარის თქმა. ასეთ პერიოდებში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სერვისების ხელმისაწვდომობას იქნება ეს ექიმები, თუ მედიკამენტები, რათა ამ ადამიანებმა შეინარჩუნონ სტაბილურობა.
- რატომ უჭირთ ადამიანებს ჩვეულ რიტმში დაბრუნება?
- გაჩნდა სოციალიზაციის პრობლემა. შეგუება მოხდა ახალ რეალობასთან და მივხვდით, რომ სოციალიზაციის გარეშეც შესაძლებელია ცხოვრება. საზოგადოება არ გახდა ბოლომდე ასოციალური. ადამიანი მიეჩვია ისეთ გარემოს, სადაც მას უწევს იმაზე ბევრად ნაკლები ენერგიის დახარჯვა, ვიდრე ადრე", - აღნიშნავს ფსიქოთერაპევტი.
რა პრობლემები აწუხებს მოსახლეობას პანდემიის პერიოდში და სად უფრო მძიმე სიტუაციაა ამ კუთხით? სიტუაციის ანალიზისთვის TIA.GE-მ ფსიქიატრთა ფედერაციის პრეზიდენტს, ეკა ჭყონიას მიმართა.
"ძალიან იმატა შფოთვითმა აშლილობებმა და ასევე, ადაპტაციურმა დარღვევებმა. გაიზარდა ფსიქიკური ჯანმრთელობის საჭიროობა. კოვიდ გადატანილ ადამიანებში ხშირია სუნთქვის უკმარისობა და პანიკური შეტევები, ასევე სხვადასხვა კოგნიტური პრობლემები გულმავიწყობა და სისუსტე", - აცხადებს ეკა ჭყონია TIA.GE-სთან საუბარში.
- როგორ ფიქრობთ, სად უფრო მძიმე სიტუაციაა ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმართებაში ქალაქში თუ რეგიონებში?
- ქალაქში სერვისებზე უფრო მეტი ხელმისაწვდომობაა, თუმცა, ქალაქში ცხოვრებისას, ფსიქიკური პრობლემების რისკი ბევრად მაღალია სოფელთან შედარებით.
ავტორი: მარი კახაძე