შესაძლოა ყოველ წუთს კომაში ჩავარდეს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს - ადვოკატი გოგი წულაიაზე
ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს, - ამის შესახებ სექსუალური ძალაოდბის ბრალდებით დაკავებული პოლიტიკოსის, გოგი წულაიას ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა განაცხადა.
როგორც „რუსთავი2“-თან გელბახიანი აცხადებს, გოგი წულაია მე-7 დღეა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შიმშილობს.
"ძალიან ცუდად გრძნობს თავს, წონაში დაიკლო და მეტყველებაც უჭირს. უკვე მე-7 დღეა შიმშილობს. ვთხოვე, რომ შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ყოველ წუთს შესაძლოა კომაში ჩავარდეს.
მას აქვს დიაბეტი, ასევე ცოტა ხნის წინ გაიკეთა გულის შუნტირება. ყველაფერი გავაკეთე მის გადასარწმუნებლად, მაგრამ უშედეგოდ. ვესაუბრე მის მეუღლესაც, რომ იქნებ მათ მიაწვდინონ ხმა და სცადონ გადარწმუნება," - აცხადებს ვალერი გელბახიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლომ სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ძალადობაში ბრალდებულ გოგი წულაიას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა 19 მარტს შეუფარდა.