გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დღეს ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა გაგრძელდება
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საქალაქო სასამართლოში დღეს ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა გაგრძელდება, რაც ბრალდებულების, საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ 2021 წლის 11 იანვრის ამნისტიის აქტის გავრცელებას ეხება.
დაზარალებულის, ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების მოსმენა დღეს იგეგმება, მიუხედავად იმისა, რომ ამ საქმეზე მან თავისი პოზიცია წერილობით უკვე გამოხატა, რომლის მიხედვითაც, ის თანახმაა, ბრალდებულებზე ამნისტია გავრცელდეს. ბრალდებულ საბა ჩხარტიშვილის უფლებადამცველი დავით ჭიკაიძე იმედოვნებს, რომ სასამართლო სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის გადაწყვეტილებას მიიღებს.
გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული ხუთი სრულწლოვანი სასამართლომ დამნაშავედ 19 მარტს ცნო.
ცნობისთვის, 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.