მედდის გარდაცვალების საქმე - პოლიციის სამმართველოში მეგი ბაქრაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს
შსს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის სამმართველოში გარდაცვლილი მედდის მეგი ბაქრაძის მეუღლის გამოკითხვა მიმდინარეობს. მანუჩარ კობახიძე პოლიციაში ადვოკატთან ვახტანგ ბარამაშვილთან ერთად მივიდა. ახალციხის კლინიკა "იმედის" მედდის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების გარემოებებს თბილისიდან ჩამოსული გამომძიებლები იკვლევენ.
საგამოძიებო უწყებამ უკვე გამოკითხა კლინიკა "იმედისა" და ადგილობრივი ტელეკომპანია მეცხრე არხის თანამშრომლებიც. პროცესი მეოთხე დღეა მიმდინარეობს.
მეგი ბაქრაძე კოვიდ-კლინიკა "იმედში" მუშაობდა. მედდა სამედიცინო პერსონალთან ერთად, 18 მარტს აიცრა. "ასტრაზენეკას" ვაქცინის გაკეთების შემდეგ, სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ექთანი თბილისში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც 19 მარტს გარდაიცვალა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტის შესწავლა დაიწყო რეგულირების სააგენტომ, რათა დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ახალგაზრდა ქალის მძიმე მდგომარეობასა და ვაქცინას შორის.
საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.