თეგებით ძიება

მკვლელობა შურისძიების მოტივით


კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე "კურიერმა" დამატებითი დეტალები გაარკვია. ერთ-ერთი ვერსიით, თავდასხმის მოტივი წარსულში მომხდარი დაპირისპირებაა. "კურიერმა" გაარკვია, რომ დაკავებულები - ალექსანდრე და ჯუანშერ ტორიაშვილები ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი მალხაზ ბადუაშვილის მიერ 16 წლის წინ მოკლული ვანო ტორიაშვილის ბიძაშვილები არიან. სავარაუდოდ, სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ტორიაშვილებმა მალხაზ ბადუაშვილის ავტომობილის მიმართულებით რამდენჯერმე გაისროლეს.

16 წლის წინ მოკლული ვანო ტორიაშვილის მამა კონკრეტულად ვერ ამბობს - იყო თუ არა ეს 16 წლის შემდეგ შურისძიება მისი ნათესავების მხრიდან, თუმცა ამ ფაქტს არც გამორიცხავს.

"ჩემი შვილი იყო პატიოსანზე პატიოსანი და უშლიდა ნუ აწუხებ სოფელსაო... რა კაკო ყაჩაღივით დადიხარო," - აღნიშნა დაჭრილი მალხაზ ბადუაშვილის მამამ.

"კურიერი" ასევე ესაუბრა დაკავებულების მეზობლებს, რომელთაც არ აქვთ ინფორმაცია, სად და რა ვითარებაში აიყვანეს მათი თანასოფლელები სამართლდამცველებმა, თუმცა არ გამორიცხავენ, თავდასხმის ფაქტი წარსულის შურისძიებას უკავშირდებოდეს.

"ურთიერთობა ჰქონდათ ძმაკაცური, მეგობრული. მერე რა მოხდა მაგათ შორის, რა კონფლიქტი მოხდა, არ ვიცი არაფერი. მარტო გუშინ გავიგე, რომ რაღაც ჩაცხრილვის ხმა იყო და ვინ და რა მოხდა, ეგეც არ ვიცი," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

შეგახსენებთ, რომ კახეთში მომხდარი მკვლელობისა და სამი პირის დაჭრის ფაქტზე ორი ადამიანი დააკავეს. სისხლიანი გარჩევის დროს დაჭრილების მდგომარეობა მძიმეა. სოფელ ჩუმლაყში გუშინ ცეცხლი 4 ადამიანს გაუხსნეს, 39 წლის იმედა ჩიქობავა ადგილზე გარდაიცვალა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა