თეგებით ძიება

"გზაი არ გვაქ, კვალი არ გვაქ" - აკეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს

აბა, გაიარეთ გურიისაკენ, აუყევით ზემოთ-ზემოთ და მერე მთებ-გორებიდან გადააწვდინეთ თვალი ღრმა კალაპოტში ჩამჯდარ მდინარეებს. მათ ტოტებშორის ერთი ულამაზეს სოფელს, აკეთს დაინახავთ.

წლების მანძილზე გურიის რეგიონის ერთ-ერთი მოწინავე და სიცოცხლით სავსე სოფელი, დღეს პრობლემებს უსახსრო მოსახლეობით ებრძვის.

აკეთი საბჭოთა კავშირის დროს გურიის ერთ-ერთ ლიდერ სოფლებს შორის იყო. აქ ჩაის ფაბრიკა-ქარხანა ფუნქციონირებდა.

თვალი რომ გადაავლოთ 80-იან წლებს, სოფელში ჟრიამულისა და ფუსფუსის ლანდებს დაინახავთ. თიხით გასვრილი, დანაოჭებული ხელები კი მომავალ ოსტატებს ზრდიდა.

სკოლაში სამასზე მეტი ბავშვი დადიოდა. გურულ „ქუხნაში“ ათოთინებულ ხაჭაპურებს უცხობდა ბებია შვილისშვილს. ჰო! სწორედ ასე იხსენებს ადგილობრივი მოსახლეობა ძველ აკეთს.

დღეისთვის აღარ არის ის ჟრიამული, ის ფუსფუსი, ბავშვები რომ (თუ კი ვინმე შემორჩა სოფელს) ფაბრიკის ნანგრევებში დამალობანას თამაშობენ. გზებიც დაძველდა და ნაოჭებივით ნაპრალები გაუჩნდა. ლამპიონებიც აღარ ანათებენ ისე, როგორც ადრე.

"გზაი არ გვაქ, კვალი არ გვაქ" - აკეთის მოსახლეობა ხელისუფლებისგან გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვს


სასიხარულო ის ფაქტია, რომ ნელ-ნელა იწყება სოფლის ხელახალი გამოღვიძება. გასული წლის ზაფხულში მოხდა სოფლის გაზიფიცირება. დაწყებულია ინტერნეტის შემოყვანა, მაგრამ გზა, რომელიც დამაკავშირებელია რამოდენიმე სოფლის და ქალაქის, საჭიროებს რეაბილიტაციას.

მაგრამ გურიაში არის სოფლები, სადაც 21-ე საუკუნეში, ერთი ლამპიონიც არ ანათებს, არ არის გაზიფიცირება და ინტერნეტი. როგორც გურიაში იტყვიან "გზაი არ გვაქ, კვალი არ გვაქ".

სოფელი აკეთი დაცარიელდა, 70 კომლიღა დარჩა. ეს განპირობებულია იმით, რომ არ არის სამუშაო ადგილები, სადაც მოსახლეობა შეძლებს დასაქმებას.

მოსახლეობის დიდ ნაწილს ქალები წარმოადგენენ, რომლებიც მამაკაცებთან და 18 წლის ახალგაზრდა ბიჭებთან ერთად საზღვარგარეთ, კერძოდ თურქეთში დადიან სამუშაოთ. მაგრამ პანდემის გამო ახლა ყველა უმუშევარია. მოსახლეობას იმედი აქვთ, რომ ამ გაზაფხულიდან შეძლებენ ისევ თურქეთში სამუშაოდ წასვლას.

ვიმედოვნებთ, გათენდება დღე, როდესაც ისევ ხალხმრავალ სოფელში მოგვიწევს ცხოვრება, ახალგაზრდები კვლავ დაბრუნებიან შინ და ერთად ვიზრუნებთ სოფელზე, რომელიც, სანამ ცოცხალი ხარ, აუცილებლად უნდა ნახო!

სტატიის ავტორები: მარიამ ბერიძე და სალომე გეგიძე


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა