გამორჩეული კერძები, რომლებიც აუცილებლად უნდა დააგემოვნოთ მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას
მცხეთა-მთიანეთის ტრადიციული კერძების გაგონებაზე, დარწმუნებული ვარ, ყველას ხინკალი გახსენდებათ. ასეც არის, დაკეპილი და წვნიანი ხინკალი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი კერძია მცხეთა-მთიანეთიდან, თუმცა, მთიულეთში, ფშავსა და ხევსურეთში, კიდევ ბევრი გემრიელი და დასამახსოვრებელი კერძი იციან, რომელთა გასინჯვის პატივი მხოლოდ ამ ადგილებში სტუმრობისას თუ გექნებათ.
აქ, მთაში, ყველაფერი უფრო გემრიელია!
ერთ-ერთი გამორჩეული კერძია დამბალხაჭო, რომელიც ძირთადად ფშავში მზადდება. დამბალხაჭოს ისტორიული ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც კიდევ უფრო ნათელს ხდის მის განსაკუთრებულობას. დამბალხაჭო ხაჭოს კვერებისგან მზადდება. მას დაახლოვებით 7-10 დღე ინახავენ უმზეო ადგილას გამოსაშრობად, დამბალხაჭო შეიძლება მიირთვათ როგორც ყველი, თუმცა, ყველაზე ხშირად ფშავში შეხვდებით დამბალხაჭოს ხაჭოერბოს, დამბალხაჭოს დიდი რაოდენობით ერბოსთან აცხელებენ, რაც მას ელასტიურობას და საოცარ არომატს სძენს. დამბალხაჭო ტურისტების საყვარელი კერძია დაკეპილ ხინკალთან ერთად, სწორედ ამიტომ გირჩევთ, სტუმრობისას აუცილებლად დააგემოვნოთ ფშაური დელიკატესი.
ფოტო გადაღებულია ალეკო შარვაძის მიერ
გამორჩეული ფშაური კერძია ჩადუნა, ჩადუნა მთის მცენარეა, მას შემოდგომისას კრეფენ, ზედმეტ ფოთლებს აჭრიან და ხარშავენ, მოხარშულ ჩადუნას ერბოსა და ყველს უმატებენ, რაც მას დაუვიწყარ გემოს სძენს, აღსანიშნავია, რომ მთაში კერძებს ძირითადად სახლში მომზადებულ ერბოში აკეთებენ, ამიტომაცაა მთის კერძები მსუყე და გემრიელი.
მცხეთა-მთიანეთში სტუმრობისას აუცილებლად უნდა ეწვიოთ მთიულეთსაც, აქ საოცარ ბუნებასა და სამკურნალო წყლებთან ერთად დაგხვდებათ სტუმართმოყვარე მთიულები, რომლებიც აუცილებლად შემოგთავაზებენ უგემრიელეს მთიულურ მხლოვანას და თუ კი გაგიმართლებთ და მთიულეთს დღესასწაულისას ესტუმრებით შეძლებთ გულიანი ქადის დაგემოვნებასაც.
მთიულური მხლოვანას გულსართი ჭარხლის ფოთლებისა და უმარილო ყველისგან მზადდება, სურვილისამებრ ამატებენ მთის მცენარეს- შიბუს და მწვანე ხახვს, მხლოვანას მთიულეთში ერბოში აცხობენ, რაც გამოარჩევს მას ბარში მომზადებული მხლოვანასგან.
მთიულური კერძია ხავიწის, იგივე გულიანი ქადა, რომელსაც მთაში რიტუალური დატვირთვაც აქვს, მას ხშირად აცხობენ დღესასწაულებზე. ხავიწის ქადა ერბოსა და ფქვილის გულსართით მზადდება, თავად ქადა კი ერბოში ცხვება, ხავიწის ქადა ძალიან მსუყე და გემრიელია, მსგავს ქადას ვერ დააგემოვნებთ საქართველოს სხვა კუთხეებში.
გამორჩეულად გემრიელი და დასამახსოვრებელია ხევსურული კულინარია, ამ ულამაზეს, მთიან მხარეში სტუმრობისას სტუმართმოყვარე ხევსურები აუცილებლად შემოგთავაზებენ ღურღუჭელსა და კუს ერბოს.
ღურღუჭელი ხინკალს მოგაგონებთ, საქმე ისაა, რომ ღურღუჭელის ცომი ხორბლისა და მჭადის ფქვილით იზილება, გულსართად კი ძირითადად ყველსა და მოხრაკულ ხახვს იყენებენ, მრგვალი ფორმის ღურღუჭელებს ხინკლის მსგავსად წყალში ხარშავენ.
გამორჩეული ხევსურული კერძია კუს ერბო, ხშირად სტუმრებს აკვირვებთ ამ კერძის სახელი და აქვე გეტყვით, რომ მის ინგრედიენტებში კუ ნამდვილად არ შედის, საქმე იმაშია, რომ ხევსურულად კუს ყველს ნიშნავს, სწორედ აქედან მოდის ამ კერძის გამორჩეული სახელი, კუს ერბო ძალიან ცხიმიანი და ნოყიერი კერძია, კერძის მთავარი ინგრედიენტია ყველი, კარტოფილი და ბლომად ერბო, სურვილისამებრ უმატებენ ადგილობრივ მცენარეებს მაგალითად შიბუს და მწვანე ხახვს.
ფოტო გადაღებულია ლევან ქეთელაურის მიერ.
კუს ერბოს მთავარი ინგრედიენტი ერბოა, რაც მას კალორიულობას მატებს, თუმცა, გირჩევთ, არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ხევსურეთი ამ კერძის დაგემოვნების გარეშე.
ავტორი: მარი ქავთარაძე