თეგებით ძიება

ტყემლოვანა - დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი სოფელი

ადამიანთა ინტერესის სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა და წარმოადგენს ჩვენს ქვეყანში შიდა მიგრაციის დონე და მისი გამომწვევი პრობლემები, მაგრამ ფაქტია ის, რომ ამ საკითხს და მისი მოგვარების გზებს ყველა თავს არიდებს.

შიდამიგრაციის მკაფიო მაგალითია ჭიათურის რაიონის სოფელი ტყემლოვანა. ეს ჩემი სოფელია, რომელიც, სულ მალე, შეიძლება დადგეს დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე.

წლების მანძილზე სოფელი ტყემლოვანა გამოირჩეოდა სიცოცხლისუნარიანობით. ყოველ გადაუჭრელ პრობლემაზე მოსახლეობა ერთად მსჯელობდა და მის მოსაგვარებლად შესაძლებლობების მაქსიმუმს იყენებდა. ყოველთვის მიმართავდნენ შესაბამის ორგანოებს პრობლემის მოსაგვარებლად, მაგრამ რეაგირების დაბალმა
მაჩვენებელმა მოსახლეობის უნდობლობა გამოიწვია და სოფლიდან ქალაქში მიგრაციის დონეც გაიზარდა.

დასანანია, რომ სოფელ ტყემლოვანას არ აქვს მაღალმთიანი სოფლის სტატუსი და აქ არ მოქმედებს „მაღალი მთის“ პროექტი, მიუხედავად იმისა, რომ სოფელი ზღვის დონიდან 800 მეტრზე მდებარეობს.

ათეული წლის წინ ტყემლოვანის სკოლის კედლები ორასზე მეტ ბავშვს ითვლიდა და მათი შემართება ყოველთვის გასაოცარი და მისაბაძი იყო, დღეს კი იგივე კედლებში ოცდაათიოდე ბავშვი სწავლობს. სოფლის დაცარიელების გამომწვევ მიზეზად ყველა მოუწესრიგებელ ინფრასტრუქტურას ასახელებს. ასევე არ ფუნქციონირებს სოფელში საბავშვო ბაღი.

ტყემლოვანა - დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე მდგარი სოფელი


გამომდინარე იქედან რომ რაიონულ ცენტრთან დამაკავშირებელი გზა ასფალტირებულია, კატასტროფის წინაშე დგას სოფლის საუბნო გზები, რომლის მოწესრიგებასაც ადგილობრივები საკუთარი ხარჯებით ცდილობენ.

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სოფელში არც ინტერნეტია, არც გაზი და არც წყალი. არსებული პანდემიის პირობებში უინტერნეტობა ერთგვარი გამოწვევა იყო მოსწავლეებს სრულიად ონლაინ რეჟიმში უწევდათ სწავლა.

აღნიშნული პრობლემები ჭიათურის არაერთ რეგიონშია და მაშინ როდესაც 21-ე საუკუნეში გვაქვს იმის პრეტენზია, რომ განვვითარდეთ ევროპის დონეზე,საჭიროა გატარდეს ყველა საჭირო ღონისძიება, როგორც ტყემლოვანაში ასევე მის მსგავს მდგომარეობაში მყოფ სოფლებში.

მჯერა, რომ ერთ დღესაც ყველა ადამიანი დაუბრუნდება საკუთარ საცხოვრებელს და ყველა ერთად იზრუნებს სოფელზე, რომელსაც გააჩნია განვითარების პერსპექტივა. მძიმეა უყურო დღითიდღე, როგორ ტოვებენ ახალგაზრდები აქაურობას. დასანანია, როდესაც ზამთარში თითო-ოროლა სახლიდან ამოდის კვამლი და წარსულში სიცოცხლით სავსე სახლები ნასახლარადაა ქცეული...

ავტორი: მირანდა ჩინჩალაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა