სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება
ორგანიზაცია „ბავშვი, ოჯახი, საზოგადოების“ ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი, სოფო მელაძე, ბავშვებში სოციალურ-ემოციური უნარების განვითარების და მისი შემადგენელი კომპონენტების შესახებ წერს.
სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება:
ბავშვის სოციალურ-ემოციური უნარების განვითარება მისი დაბადებიდან იწყება. იგი გამოიხატება ბავშვის თვალის კონტაქტით, ღიმილით, ტირილით და ა.შ
ბავშვის სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე მხოლოდ მიკრო სისტემები, როგორიცაა - ოჯახი, ბაღი, სკოლა, თანატოლები, არ ახდენს გავლენას. ამ პროცესში ასევე ჩართულია სოციუმში არსებული ტრადიციები, ღირებულებები, კულტურა და ნორმები.
რა კომპონენტებისგან შედგება სოციალურ-ემოციური განვითარება?
თვითაღქმა - ესაა უნარი გაიაზრო საკუთარი იდენტობა, ინტერესები, დამოკიდებულებები, ღირებულებები. გააცნობიერო საკუთარი ემოციები და ფიქრები. შეაფასო საკუთარი შესაძლებლობები. ამ უნარის მიხედვით ყალიბდება თვითშეფასება ბავშვებში.
ემოციური თვითრეგულაცია - საკუთარი ფიქრების, ემოციების და ქცევების მართვის და რეგულირების უნარი. იგი ასევე გულისხმობს სტრესის, იმპულსების მართვას. რთულ სიტუაციაში იპოვოს შესაბამისი სტრატეგია ემოციების გამოხატვისთვის.
სოციალური ცნობიერება - უნარი, რომელიც გვაძლევს შესაძლებლობას მივიღოთ სხვა კულტურის, შეხედულებების, აღმსარებლობის ან თუნდაც გამოცდილების მქონე ადამიანები, ვიყოთ ემპათიურები და შეგვეძლოს პოზიციის სხვა ადამიანის თვალით დანახვა.
ურთიერთობის უნარები - ეს უნარი გვეხმარება დავამყაროთ ჯანმრთელი, პოზიტიური ურთიერთობები გარშემომყოფებთან. ამ უნარებში შედის- აქტიური მოსმენის ტექნიკა, თანამშრომლობა, ჯგუფური მუშაობა და კონფლიქტის გადაჭრის უნარები.
პასუხისმგებლობა გადაწყვეტილებაზე - ინდივიდმა შეძლოს ეთიკური პრინციპებით მართული არჩევანის გაკეთება. პიროვნება საკუთარი ქცევის,სოციალური ურთიერთობებისა, თუ გადაწყვეტილებების მიღებისას ითვალისწინებს ეთიკურ სტანდარტებს, არსებულ მისაღებ სოციალურ ნორმებს.