დეპრესია ბავშვებში - სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ბავშვი დეპრესიაშია
COVID-19 ის პანდემიამ საგრძნობლად გაზარდა ფსიქიკური დარღვევების გამოვლენის სიხშირე. დარღვევები გახშირდა არა მხოლოდ უფროსებში, არამედ ბავშვებშიც. სოციალური იზოლაცია მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს დეპრესია ბავშვებში, რაც საკმაოდ დიდი პრობლემა გახდა დღევანდელ მსოფლიოში.
ხშირად მშობლებს არ აქვთ ინფორმაცია დარღვევის სიმპტომების შესახებ და მათ აშკარა გამოვლენას უგუნებობას მიაწერენ ხოლმე. გასათვალისწინებელია, რომ თუ ქვემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები ვლინდება მინიმუმ 2 კვირის განმავლობაში, აუცილებელია, კონსულტაციისთვის მიმართოთ ბავშვის ფსიქიატრს ან ფსიქოლოგს.
ბავშვში დეპრესიის სიმპტომები დაახლოვებით ისე ვლინდება, როგორც უფროსებში.
ყურადღება მიაქცეთ ბავშვის გუნება-განწყობილების ცვლილებებს.
სიმპტომები, რომლებიც მიანიშნებს, რომ ბავშვი დეპრესიაშია:
• დაწეული აქვს გუნება-განწყობილება დღეების განმავლობაში
• მარტივად ღიზიანდება მცირე დეტალებზე, ავლენს აგრესიას რაიმეს თხოვნის შემთხვევაში, მაგალითად: შეიკარი თასმა, ამ მცირე მითითებამაც კი შესაძლოა წყობილებიდან გამოიყვანოს იგი
• გამოხატავს სიჯიუტეს და დაუმორჩილებლობას
• მადის უეცრად დაქვეითება ან პირიქით, მომატება
• უძილობა, ძილის დროის არევა ან ზედმეტი ძილიანობა
• ბავშვი უენერგიოდაა, არ სურს საწოლიდან წამოდგომა
• ყვირის და ხშირად ტირის
• თვითბრალეულობის ან თვითდანაშაულის განცდა ისეთ საკითხებზე, რაზეც პასუხისმგებელი თავად არაა
• ინტერესის დაქვეითება საყვარელი საქმიანობის მიმართ, სოციალური იზოლაცია- აღარ სურს მეგობრებთან თამაში, გართობა
• შესაძლოა თან ახლდეს ფიზიკური ტკივილებიც მაგალითად: მუცლის, თავის რომელიც არ ექვემდებარება მკურნალობას, ვერ გრძნობს შვებას
• საუბრები სიკვდილზე ან სუიციდზე- სასწრაფო რეაგირებას მოითხოვს!
ავტორი: მარი ქავთარაძე