რისი ბრალია ყურებში ხმაურის შეგრძნება
თუ ვერასდროს იგებთ სრულ სიჩუმეს და მუდმივად ყურებში გესმით მონოტონური ხმა, წუილი, ზოგჯერ ის შესაძლოა ძრავის ბღუილს ან ზოგჯერ მუსიკალური ინსტრუმენტის ხმას ჰგავდეს, სწორედ ამ სინდრომს ჰქვია ტინიტუსი.
ეს არ არის დაავადება, არამედ სხვადასხვა დაავადების შედეგად გამოწვეული ერთ-ერთი სიმპტომი შეიძლება იყოს. მსგავსი სიმპტომი მოსახლეობის დაახლოებით, 10-15%-ს აქვს. „იმედის დილაში“ ოტორინოლარინგოლოგმა გრიშა თოფურიამ ამ სინდრომთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სიმპტომების შემთხვევაში ადამიანმა უნდა მიმართოს ყელ-ყურ-ცხვირის ექიმს. საჭიროების შემთხვევაში ის პაციენტს ოტონევროლოგთან გადაამისამართებს.
„ვერ ვიტყვით, რომ ტინიტუსი არ იკურნება. არის კატეგორია, რომელიც თვითონვე განკურნებულა. ტინიტუსი არ უნდა გავიგოთ, როგორც უკვე ჩამოყალიბებული, ფორმირებული დაავადებაა. ეს მეც გამომიცდია ყურსასმენის ხმარებისას ან თუნდაც მაღალი ბგერების დროს დინამიკებთან ურთიერთობისას; მანქანაში ხმამაღლა მუსიკის მოსმენის შემდეგ დამრჩენია ხმაური ყურში, რომელიც ხანმოკლე დროში გამქრალა. თუმცა, როდესაც ის შენარჩუნდება და პროცესი ღრმავდება, ეს აუცილებლად ოტონევროლოგების საკითხია. მათი ჩარევით სახარბიელო შედეგები დგება“, - განაცხადა გრიშა თოფურიამ.
მან ისაუბრა ასევე იმ დაავადებებზე, რომლებმაც შესაძლოა ტინიტუსი გამოიწვიოს. „ისევე, როგორც თავის ტკივილი ზოგადი მცნებაა და რაღაცითაა გამოწვეული, ასევეა ყურში ხმაურიც. პირველ რიგში ის იწყება ყურის პათოლოგიების შედეგად, ასევე მნიშვნელოვანია სისხლის მიმოქცევის საკითხი; ერთ-ერთი მიზეზია კისრის მალების ოსტეოქონდროზი, რომელიც სისხლის ნაკადის მიწოდებას ამცირებს“, - განმარტა ექიმმა.