თეგებით ძიება
07. 05. 2021 სპორტი

საბურთალო ლევან ყენიას 500 000 ევროს სთხოვს

საბურთალოსა და ლევან ყენიას შორის სამართლებრივი დავაა. თბილისური კლუბის სარჩელის მიზეზი, მათი თქმით, ლევან ყენიას მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევაა. კომპენსაციის სახით საბურთალო ყენიასგან 500 000 ევროს გადახდას ითხოვს, რაც დღევანდელი მონაცემებით 2 073 700 ლარია.

გამომდინარე იქიდან, რომ საქმის წარმოება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და მხარეები, როგორც წესი, ასეთ დროს კომენტარს არ აკეთებენ ხოლმე, მათი განცხადებები და პოზიცია ამ სტატიაში არ შეგხვდებათ. რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება გასაგებია, საბოლოო ვერდიქტზე გავლენა რაიმე გარე ფაქტორმა არ უნდა მოახდინოს. ცხადია, ჩვენი მიზანიც საზოგადოების ინფორმირებაა.

ერთ დროს საქართველოს ყველაზე პერსპექტიულმა ფეხბურთელმა და ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე ახალგაზრდა დებიუტანტმა, საბურთალოს მაისურით პირველი შეხვედრა 2019 წლის 6 აგვისტოს ჩაატარა, ბოლო კი - 2020 წლის 7 მარტს.

ამ დროის განმავლობაში, ლევანმა ყველა ტურნირზე, 12 შეხვედრაში მიიღო, გაიტანა 1 გოლი და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. შესაძლოა ვინმეს არ ახსოვდეს, რომ ამ შექმნილი 5 გოლიდან 2 ერევანში, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე იყო. ყენიამ სადებიუტო მატჩში, არასრულ ოც წუთში, პირად აქტივში გოლი და საგოლე გადაცემა ჩაიწერა და თბილისურ გუნდს არარატთან მოაგებინა.

ლევანს საბურთალოსთან კონტრაქტი გასული წლის ზაფხულში უმთავრდებოდა და მის გახანგრძლივებაზე უარის თქმას რომ აპირებდა, წინასწარ, ჩვენი მედიასაშუალებითაც გახდა ცნობილი.

\'\'საბურთალოსთან კონტრაქტს არ გავახანგრძლივებ\'\' - ყენიას კარიერის გაგრძელება გერმანიაში სურს

პანდემიით გამოწვეული პაუზისა და გაურკვევლობის პერიოდში, ყენია ოჯახთან, გერმანიაში გაემგზავრა და მოგვიანებით, საფეხბურთო კარიერის გაგრძელებაც, მისთვის ნაცნობი, ამ ქვეყნის მეორე ან მესამე დივიზიონში ჰქონდა გადაწყვეტილი. მეტიც, უერდინგენთან თითქმის ყველაფერი შეთანხმებული იყო, მაგრამ ბოლოს კლუბის გადაწყვეტილებით გარიგება არ შედგა.



ყველაზე საინტერესო სწორედ აქ იწყება: 2020 წლის 11 მარტს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური განცხადებით, ქვეყანასა და მსოფლიოში შექმნილი ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო, საქართველოს მასშტაბით საფეხბურთო ჩემპიონატები შეჩერდა და მხოლოდ 25 ივნისს განახლდა.

როგორც ჩანს, ახალ კონტრაქტზე უარის მიღების გამო, ან ჩვენთვის უცნობი სხვა მოტივით, საბურთალომ ფეხბურთელს კუთვნილი თანხა არ გადაუხადა, ამის შემდგომ კი დავა დაიწყო. ლევანის საკითხი ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველმა კომიტეტმა მიიღო. უფლებამოსილმა ორგანომ ყენიას მოთხოვნა ნაწილობრივ დაუკმაყოფილა და საბურთალოს დავალიანების სრულად გადახდა დააკისრა.

ამის შემდეგ საბურთალოს ჯერი დადგა, კლუბმა აპელაციას მიმართა, თუმცა იურიდიულ ბრძოლაში კიდევ ერთხელ დამარცხდა. მოგვიანებით, სადისციპლინო კომიტეტში უკვე ახალი სარჩელი შევიდა, ოღონდ ამჯერად საფეხბურთო კლუბ საბურთალოსგან. თბილისური გუნდი აპელირებს, რომ ყენიამ კონტრაქტის პირობები დაარღვია და ამის გამო ფეხბურთელს კლუბის სასარგებლოდ 500 000 ევროს გადახდას სთხოვს.

სამწუხაროდ, არ ვიცით, რამდენად არის გამყარებული იურიდიული ფაქტებით ეს კაზუსი და რამდენად რელევანტურია მოთხოვნილი თანხა, ცხადია, ამაზე პროფესიონალები იმსჯელებენ და სამართლიან ვერდიქტსაც გამოიტანენ. საქმის შემდეგი მოსმენა მომდევნო კვირისთვისაა ჩანიშნული.


წყარო adjarasport.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა