"ისევ ცდილობ, რომ გამომიყენო, ჯანდაბამდე გზა გქონია", - ბართომეუს და მესის ურთიერთობის საინტერესო დეტალები
ცნობილი ხდება „ბარსელონას“ ექს-პრეზიდენტს, ჟოზეპ ბართომეუს და კაპიტნის, ლეო მესის ურთიერთობის დეტალები.
CCMA-ს ინფორმაციით, 2019 წელს, „ლივერპულთან“ 3:0-დან 0:4 წაგების შემდეგ, ბართომეუ და მესი ერთმანეთს არგენტინელის სახლში შეხვდნენ. ხელმძღვანელმა იკითხა, როგორ უნდა მოექცნენ ერნესტო ვალვერდეს, რომელიც იმ დროს გუნდს წვრთნიდა. თავდამსხმელმა უპასუხა, რომ მზადაა, გაიმეოროს ის, რაც საჯაროდ თქვა: პრობლემა მწვრთნელში არ არის.
გარდა ამისა, მესიმ იკითხა, სიმართლეა თუ არა ის, რომ „ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის შეძენა სურს, რომელიც იმდროისთვის „ატლეტიკოში“ თამაშობდა - ეს ნეიმარის „პსჟ-დან“ დაბრუნებას გამორიცხავდა. ბართომეუმ უპასუხა, რომ გრიზმანის ტრანსფერი ჯერ გაფორმებული არ არის. არადა, ამ შეხვედრიდან რამდენიმე დღეში, „ბარსამ“ ფრანგის შეძენა ოფიციალურად დაადასტურა. ამის შემდეგ, მესიმ ბართომეუსადმი სრული ნდობა დაკარგა.
კერძოდ, მესიმ ბართომეუს თავისი უნდობლობა გამოუთქვა იმ მომენტში, როცა პანდემიით გამოწვეული პაუზის დროს, პრეზიდენტი კლუბის სავარჯიშო ბაზაზე გამოცხადდა და ფეხბურთელებს ხელფასის დაკლებაზე დათანხმება მეორედ სთხოვა. არგენტინელმა ყველა ფეხბურთელის წინაშე უთხრა პრეზიდენტს, რომ მისი ნდობა არ შეიძლება და მეორე დაკლება არ მოხდება.
იწერება ისიც, რომ ერთ-ერთი ბოლო მესიჯი, რომელიც მესიმ პრეზიდენტს მისწერა, ასე გამოიყურებოდა: „შენ უკვე ინფორმაციასაც გასცემ. კვლავ ცდილობ გამომიყენო, ჯანდაბამდე გზა გქონია.“ არგენტინელმა ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც ლეო გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელს, რონალდ კუმანს შეხვდა და უთხრა, რომ უფრო დიდი ალბათობით გუნდს ამ ზაფხულსვე დატოვებს, ვიდრე დარჩება. ინფორმაცია ამის შესახებ პრესაში მალევე გაჩნდა და ფორვარდმა ჩათვალა, რომ ყველაფერში ბართომეუა დამნაშავე.
რამდენიმე დღეში, მესიმ კლუბს წასვლის სურვილი ოფიციალურად, ფაქსის მეშვეობით გამოუთქვა. თუმცა, ბართომეუმ მისი ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მზად იყო, ფეხბურთელს სასამართლომდე გაყოლოდა.
მესის მოქმედი კონტრაქტი „ბარსასთან“ 2021 წლის 30 ივნისს იწურება, ბართომეუ კი თანამდებობიდან 2020 წლის ოქტომბერში გადადგა.