თეგებით ძიება

რომელი სახელმწიფო სამედიცინო სერვისებით ისარგებლებენ ორსულები

საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა აფინანსებს მშობიარობის, საკეისრო კვეთის, მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მელოგინეთა სეფსისის მკურნალობის ხარჯებს.

დაფინანსების მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქე ყველა ორსულს. შესაბამისად პროგრამით სარგებლობენ: საქართველოს მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტის მქონე პირები, თუ ორსული 18 წლამდე ასაკისაა, წარმოდგენილი უნდა იყოს პირადობის ნომერი ან დაბადების მოწმობა.

ამასთან, სახელმწიფო აფინანსებს: პირადობის ნეიტრალური მოწმობის მფლობელებს, ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირებს, საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირებს, საქართველოში თავშესაფრის მაძიებელ პირებს, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირებს.

ჯანმრთელობის დაცვის საყოველთაო პროგრამა ასევე ფარავს სამედიცინო მომსახურების ხარჯებს შემდეგი ლიმიტის გათვალისწინებით:

მშობიარობა - 500 ლარი; საკეისრო კვეთა - 800 ლარი.

საყურადღებოა, თუ ორსული კერძო დაზღვევით სარგებლობს, მასზე სახელმწიფო ჯანმრთელობის აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული დაფინანსება მაინც ვრცელდება. გამონაკლისია საბიუჯეტო სახსრებით დაზღვეული, რომლის დაფინანსების ოდენობა და სახე მისი სადაზღვევო პაკეტით განისაზღვრება.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურება, ბენეფიციარის კატეგორიიდან გამომდინარე, ფაქტობრივი ხარჯის 70%, 80% ან 100-ით ფინანსდება და 833 ლარამდე ანაზღაურდება.

მელოგინეთა სეფსისის მკურნალობას სახელმწიფო 3 000 ლარამდე აფინანსებს.

მაღალი რისკის ორსულთა, მშობიარეთა და მელოგინეთა სტაციონარული სამედიცინო მომსახურებისა და მელოგინეთა სეფსისი მკურნალობის ხარჯების სახელმწიფოს მიერ დაფინანსება ვრცელდება კერძო დაზღვევის მქონე პირებზეც. დეტალური ინფორმაციისთვის უნდა ეწვიოთ ვებგვერდს: NHA.GOV.GE


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა