თეგებით ძიება

როგორ ვიზრუნოთ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე პანდემიის დროს

უკვე ერთ წელზე მეტია მსოფლიოში უამრავ ადამიანს იძულებითი შვებულებისა თუ არდადეგების პირობებში სახლში ყოფნა, თანამშრომლებთან, მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ვირტუალური ურთიერთობა უწევს. ასეთ დროს, როცა სოციალიზაცია მაქსიმალურად შეზღუდულია, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე.

მას შემდეგ, რაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა ოფიციალურად დადასტურდა და მსოფლიო ამ გლობალური პრობლემის წინაშე დადგა, ადამიანების ცხოვრების სტილი მკვეთრად შეიცვალა.

მანამდე, ერთი შეხედვით, უბრალო ჩევევებმა, მაგალითად, სამსახურში საზოგადოებრივი ტრანსპორტით წასვლამ, უნივერსიტეტსა თუ სპორტდარბაზში სიარულმა ახლა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა. ფაქტი, რომ ჩვენ კვლავ პანდემიის პირობებში ვცხოვრობთ და არ ვიცით, როდის შევძლებთ ცხოვრების ძველი წესის დაბრუნებას, გვახსენებს, რომ საკუთარ თავსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ამ წამიდან უნდა დავიწყოთ.

აი, რამდენიმე რჩევაც:

განაახლეთ თქვენი ფიქრები
ხშირად ადამიანები დღესასწაულებს აღიქვამენ შანსად, რომ საკუთარი გრძნობები გამოხატონ. კოვიდპანდემიის პირობებში, ახალი წლის, დაბადების დღისა თუ სხვა მნიშვნელოვანი თარიღების აღნიშნვნა მარტოს ან ძალიან ვიწრო წრეში გვიწევს. გაუმეორეთ საკუთარ თავს, რომ ახლა სწორედ სახლში დარჩენით გამოხატავთ პატივისცემასა და სიყვარულს ახლობლების მიმართ - ამით იცავთ მათაც და საკუთარ თავსაც. ის პროცესი კი, რომლის მონაწილეც უნებლიეთ გახდით, თქვენგან დამოუკიდებლად მიმდინარეობს.

არ შეწყვიტოთ ოჯახთან კონტაქტი - ვირტუალურად
ოჯახს რომ განსაკუთრებით დიდი როლი აქვს ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში, ამაზე დავა არ ღირს, თუმცა, პანდემიის პირობებში, საყვარელ ადამიანებთან ფიზიკური კონტაქტი ბევრისთვის რთული და შეუძლებელიც კი გახდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები გვირჩევენ, არ შევწყვიტოთ მათთან ვირტუალური ურთიერთობა. ამისთვის ბევრი არხი და უფრო მეტი სახალისო ხერხი არსებობს. მოამზადეთ ერთნაირი კერძები და ივახშმეთ ერთად ონლაინ. უყურეთ ერთსა და იმავე ფილმს ერთსა და იმავე დროს, შემდეგ კი გაცვალეთ შთაბეჭდილებები... ამით შეინარჩუნებთ სიახლოვეს თქვენთვის ძვირფას ადამიანებთან და პანდემიით გამოწვეულ სტრესსაც შეიმსუბუქებთ.

ისეირნეთ სუფთა ჰაერზე
სოციალური დისტანცირების პირობებშიც შესაძლებელია სუფთა ჰაერსა და მზეზე დროის სასიამოვნოდ გატარება. ეს თქვენი ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მით უფრო, რომ უკვე გაზაფხულია. შეგიძლიათ დაკავდეთ ახალი სპორტის სახეობის შესწავლით, ატაროთ ველოსიპედი, ივარჯიშოთ სპორტულ მოედანზე... ეს თქვენს განწყობასა და მოტივაციას ბევრად გააუმჯობესებს.

თუ ვერ ახერხებთ გარეთ გასვლას, არ შეწყვიტოთ მოძრაობა სახლში
გრძელი და სუსხიანი ზამთარი საუკეთესო დრო იყო, სახლში თბილად ყოფნისა და საყვარელი სასუსნავების მისართმევად, თუმცა უკვე გაზაფხულია და, ბუნებასთან ერთად, ჩვენც უნდა გამოვიღვიძოთ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვერ ახერხებთ სახლიდან გასვლასა და ფიზიკურ აქტივობას, ეცადეთ, იმოძრაოთ სახლში, აკეთოთ მსუბუქი ვარჯიშები. მუშაობისა თუ მეცადინეობის დროს პერიოდულად შეისვენეთ, ადექით და ოთახიდან ოთახში იარეთ. თუკი იგრძნობთ, რომ ზედმეტად გადაიღალეთ, გაიხსენეთ სუნთქვის 10-წამიანი თერაპია - 5 წამის განმავლობაში შეიკავეთ სუნთქვა, შემდეგ კი 5 წამის განმავლობაში, ნელ-ნელა ამოისუნთქეთ.

ყველაფერი, რასაც გრძნობთ, ნორმალურია
თუკი გგონიათ, რომ ზედმეტად გაღიზიანებული, განერვიულებული, იმედგაცრუებული, არაპროდუქტიული ხართ და ეს თქვენი ბრალია, ცდებით. ყოველთვის საკუთარი თავით კმაყოფილი, ცხადია, ვერავინ იქნება. ეს უნდა გახდეს მოტივაცია თქვენთვის, რომ კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა მოახმაროთ საკუთარ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

ნუ შეგეშინდებათ, ითხოვოთ დახმარება
თუ რაიმე გიჭირთ, ისაუბრეთ ამის შესახებ ხმამაღლა. ხშირად გვგონია, რომ ჩვენი პრობლემები არავის ადარდებს, თუმცა ეს ასე არ არის, დახმარების თხოვნა კი სირცხვილი არასდროსაა! ოჯახის წევრი, მეგობარი ან თანამშრომელიც კი შეიძლება აღმოჩნდეს კარგი მსმენელი და მრჩეველი. თუ არ გსურთ, გული ნაცნობებს გადაუშალოთ, ამისთვის სპეციალისტებიც არსებობენ. ასე რომ, გახსოვდეთ, დაბრკოლებების წინაშე მარტო არასდროს ხართ!


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა