ადამიანს არ უნდა ამნისტია და ბუნებრივია მასზე არ უნდა გავრცელდეს - ირაკლი კობახიძე ნიკა მელიას პასუხობს
ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდათ შევახოთ, ეს გაუგებარია, ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია, მასზე არ უნდა გავრცელდეს,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით განაცხადა და ნიკა მელიასთან მიმართებით, ამნისტიის შესახებ პროექტთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებს გამოეხმაურა.
მისი თქმით, თუ ვინმე მიშელის დოკუმენტს თუ უპირისპირდება, ის უპირისპირდება მათ შორის ამნისტიას
"ამნისტიის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით განიხილება და არსებითად იმ სახით დამტკიცდება, როგორც იყო ინიცირებული, დანარჩენი ვნახოთ, მომდევნო ორი კვირის განმავლობაში. დღეს იყო გარკვეული კონსულტაციები, ეს გაგრძელდება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და მეორე მოსმენამდე შეიძლება გარკვეულ საკითხებზე პოზიციების შეჯერება.
ჩვენ ვმოქმედებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესაბამისად, სადაც წერია, რომ ამნისტიის შესახებ კანონი უნდა იქნას მიღებული და ეს კანონი უნდა შეეხებოდეს ყველას. რაც შეეხება უარის შესახებ დათქმას, შარლ მიშელის დოკუმენტი თავისთავად ითვალისწინებს იმას, რომ მხარეები უნდა იყვნენ თანახმა ამ დოკუმენტის პირობებზე. თუ ვინმე უპირისპირდება მიშელის დოკუმენტს, უპირისპირდება მათ შორის, ამნისტიას, ბუნებრივია, მასზე შეიძლება არ გავრცელდეს ამნისტიის კანონი, ეს ასახულია კანონში.
ასე გამოდის, რომ ადამიანს არ უნდა ამნისტია და ძალით უნდა შევახოთ მას ეს კანონი. ეს გაუგებარია. ვინმეს თუ არ უნდა ამნისტიის კანონი, ბუნებრივია მასზე არ უნდა გავრცელდეს. მარტივი ლოგიკაა,"- განაცხადა კობახიძემ.
კანონპროექტში ცვლილებების შესაძლო შეტანასთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ მეორე მოსმენამდე ოპოზიციასთან კონსულტაციები გაგრძელდება.
„დღეს გარკვეული კონსულტაციები იყო და ეს გაგრძელდება. სავარაუდო ცვლილებებთან დაკავშირებით ამ ეტაპზე არაფრის თქმა არ შეიძლება. არ ვიცით, ორი კვირაში რა მდგომარეობა გვექნება. ორ კვირაში გაიმართება მეორე მოსმენა და იქამდე გარკვეულ საკითხებზე შეიძლება პოზიციების შეჯერება. ჩვენ ამ კონსულტაციებში ვიქნებით ჩართული“, – აღნიშნა კობახიძემ.
შეგახსენებთ, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ ხელისუფლება მის თანხმობას "ვერ ეღირსება".