ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციის და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერს სიდჰარტა დატას და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელს სილვიო დომენტეს შეხვდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ცნობით, მხარეებმა COVID 19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. მინისტრმა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში 2021 წლის თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე.
„საქართველოში ვაქცინაციის საკითხებში ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული მრჩეველი იმყოფება. სიდჰარტა დატამ მიმდინარე იმუნიზაციის პროგრამა დადებითად შეაფასა. მივიღეთ რჩევები ვაქცინაციის პროგრამის გაფართოებასთან დაკავშირებით, ვისაუბრეთ მასიური ვაქცინაციის ცენტრების ჩამოყალიბებაზე. ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“,- განაცხადა თამარ გაბუნიამ.
ეკატერინე ტიკარაძემ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას, იმუნიზაციისა და ვაქცინების დანერგვის მიმართულებით, საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და სამომავლო საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სიდჰარტა დატამ თავის მხრივ ჯანდაცვის სისტემაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების მიმართ მხარდაჭერა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოხატა.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროსა და საქართველოს მთავრობას იმ უზარმაზარი ძალისხმევისთვის, რომელიც მათ პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში გასწიეს. იმუნიზაციის პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და საქართველო ამ კუთხით კარგი მაგალითია“,- განაცხადა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის იმუნიზაციისა და ვაქცინებით მართვადი დაავადებების პროგრამის მენეჯერმა სიდჰარტა დატამ.