ცნობილია, რა ფორმით განახლდება სასწავლო პროცესი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ სკოლებში უსაფრთხო გარემოს შექმნა მასწავლებლების ვაქცინაციაზეა დამოკიდებული.
მისი თქმით, იმისთვის რომ სექტემბრიდან სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდეს, აგვისტოს თვე მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ვაქცინაციისთვის.
"ვფიქრობ რომ ოპტიმისტურ პროგნოზზე უნდა ავეწყოთ სკოლებთან მიმართებაში, წინ გვაქვს მთელი აგვისტო და ეს პერიოდი უნდა გამოვიყენოთ მაქსიმალურად ეფექტურად სკოლის პერსონალის აცრისთვის, რომ ბავშვებს დახვდეთ უსაფრთხო ეპიდემიური გარემო.
განათლების სამინისტრო ძალიან აქტიურად მუშაობს სკოლებთან იმისთვის, რომ გამოიკვეთოს ჯგუფები მასწავლებლების, ასევე სხვა თანამშრომლების, ვისაც აქვს დღეს ამის სურვილი, რომ ხელი შევუწყოთ დროულად დარეგისტრირდნენ და მიიღონ ვაქცინა. ვისაც დღეს ამის სურვილი არ აქვს, მათთვის მეტი საინფორმაციო მუშაობა ჩატარდება, რომ ეს გადაწყვეტილებაც დროულად მიიღონ, რომ ხელი შეუწყონ ბავშვებს სასკოლო გარემოში დაბრუნებისთვის,"- განაცხადა "დღის კურიერში" თამარ გაბუნიამ.
ამასთან, 20 ივლისს გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ თქვა, რომ დღეს, ვაქცინების არსებობის პირობებში სწავლის დისტანციურ რეჟიმში გადატანა გამოსავალი აღარ არის.
მისი თქმით, სკოლებთან მიმართებით ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სასწავლო წელს დახვდეს უსაფრთხო გარემოში.
„იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში გვაქვს მილიონ-ნახევარი დოზა ვაქცინა და კიდევ ერთ მილიონს ველოდებით, სკოლებთან მიმართებაში, პირადად ჩემი და ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი რეკომენდაციაა, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეები სკოლის კოლექტივმა გამოიყენოს აქტიური ვაქცინაციისთვის, რათა სკოლები დახვდნენ სასწავლო წელს უსაფრთხო გარემოში. სკოლის პირობებში დღეს შეზღუდვა გამოსავალი არ არის, არც დისტანციური სწავლა არ გადაწყვეტს ამ პრობლემას. გადაწყვეტა არის ვაქცინაცია. ამდენად, ყველასთან თხოვნა მექნება, ვინც დაკავებულია სასკოლო გარემოში სწავლებით ან მუშაობით, მიმართოს ვაქცინაციის ცენტრს. დღეს არის ნამდვილად შესაძლებლობა, რომ აიცრან“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.