თეგებით ძიება

დავით კეზერაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელი, საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი, დავით კეზერაშვილი უზენაესმა სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას საგანგებო განცხადებით ეხმაურება, სამარცხვინოს უწოდებს და მას სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებს.

"ივანიშვილის პირადი იურისტისა და ყოფილი გენერალური პროკურორის ხელით, უზენაეს სასამართლოში მიღებული გადაწყვეტილება, კიდევ ერთი ნაბიჯია მისი მხრიდან, სასამართლო სისტემის საკუთარ ვიწრო პოლიტიკურ ამოცანებზე მორგებისა.

მე ჩემი ქვეყნის მიმართ განსაკუთრებული სიყვარული და პასუხისმგებლობის გრძნობა გამაჩნია. სწორედ ეს პასუხისმგებლობა წარმოადგენდა და წარმოადგენს მთავარ მოტივს, წლების განმავლობაში, საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლის ნებისმიერი გამოვლინების აქტიური გულშემატკივარი და თანამდგომი ვყოფილიყავი - იქნებოდა ეს სამოქალაქო აქტივიზმი თუ ხელისუფლების გავლენებისგან თავისუფალი, დასავლურ ფასეულობებზე დაფუძნებული მედიასაშუალების მხარდაჭერა.

უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ სამარცხვინო გადაწყვეტილებას აუცილებლად გავასაჩივრებ სტრასბურგის სასამართლოში. თადუმაძე და ივანიშვილის ჯიბის სასამართლო მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომ ყველაფერი იკადროს - მათსავე სასამართლოს ორ ინსტანციაში ჩემი უდანაშაულობის უტყუარი მტკიცებულებებით გამართლებისა და თითქმის ოთხწლიანი პაუზის შემდეგ, საქმე ამგვარად შემოატრიალოს.

ჩემთვის ცნობილია, რომ უშუალო ინიციატორი და ორგანიზატორი ამ უმსგავსობისა ივანიშვილის ხელის ბიჭი ირაკლი ღარიბაშვილია. სწორედ ის ფიქრობს, რომ ამდაგვარად დააშინებს ან დამაშანტაჟებს მე, ან ჩემს მიერ მხარდაჭერილ ტელევიზიას.

ეს კიდევ ერთხელ მარწმუნებს, რომ ისტორიის სწორ მხარეს ვარ და მიმყარებს მოტივაციას, უფრო მეტი ენთუზიაზმით დავეხმარო თავისუფალ სიტყვას და ზოგადად თავისუფლებისთვის ბრძოლას საქართველოში", - აღნიშნულია კეზერაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ტელეკომპანია "ფორმულას" მფლობელს, საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს უზენაესმა სასამართლომ 5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

კეზერაშვილს ბრალდება ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვისთვის ჰქონდა წარდგენილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა