ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ, კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი -კახა ქემოკლიძე "ქართულ ოცნებაზე"
პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, კახა ქემოკლიძე მოუწოდებს ხელისუფლებას, გამოაქვეყნონ იმ ადამიანის სახელი და გვარი, რომელზეც აპელირებენ, რომ „ომში ეპატიჟებოდა“.
როგორც კახა ქემოკლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, მათ კეთილი უნა ინებონ და გაასაჯაროვონ ჩანაწერი.
„ე.წ. დიპლომატებზე რომ საუბრობენ, რომ თითქოს ვინმე ომში ეპატიჟებოდათ და თითქოს ამათ კომპრომატები აქვთ. გამოიტანონ, რატომ არ გამოაქვთ? გინდათ გითხრათ რატომ არ გამოაქვთ? იმიტომ, რომ ზუსტად ვიცი სახელი და გვარები, ვისზეც აპელირებენ და ზუსტად ვიცი თარიღი, როდესაც ჰქონდათ კომუნიკაცია იმ ადამიანთან, რომელიც არა კონკრეტული სახელმწიფოს სახელით საუბრობდა, არამედ პერსონალურად თავის შეხედულებას რაღაცაზე აყალიბებდა. კეთილი ინებონ და გამოიტანონ ჩანაწერი, რომლითაც აპელირებენ.
ის ადამიანი, რომელზეც ისინი საუბრობენ, სახელმწიფოს სახელითაც არ საუბრობდა, თქვენ წარმოიდგინეთ და ისინი ამას ყიდიან ისე, როგორც აგიტაცია-პროპაგანდის ინსტრუმენტს. აშშ-ს, ბრიტანეთს ან რომელიმე სახელმწიფოს ომის დაწყება რომ სდომებოდა, ელჩის დონეზე კი არ იქნებოდა კომუნიკაცია, რომელიც, ხაზს ვუსვამ, არც ყოფილა, არამედ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირი ჩამოვიდოდა ან ესენი ჩავიდოდნენ იქ და იქ მოხდებოდა შეთანხმება, ასეთი საჭიროება რომ ყოფილიყო“, - განაცხადა კახა ქემოკლიძემ.