ვემხრობი, რომ სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო იყოს - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე მომხრეა, რომ სამედიცინო პერსონალისა და პედაგოგებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა სავალდებულო გახდეს.
მისივე თქმით, სკოლა უსაფრთხო რომ იყოს, მშობლები და ოჯახის სხვა წევრებიც უნდა აიცრან, რათა ბავშვები დაცული იყვნენ.
"ჯერჯერობით ნებაყოფილობითია კოვიდი საწინააღმდეგო აცრები. სავალდებულო ჩვენთან გახლავთ წითელას და ბეჰეპატიტის აცრა ჩემი კოლეგებისთვის, ანუ სამედიცინო პერსონალისთვის, ეს დადგენილია შესაბამისი რეგულაციებით, მაგრამ მე რამდენჯერმე ჩემი პირადი პოზიცია გავამჟღავნე, რა თქმა უნდა, ვემხრობი, რომ გარკვეული ჯგუფებისთვის კოვიდსაწინააღმდეგო აცრა უნდა იყოს სავალდებულო. კერძოდ, ორ ჯგუფისთვის: ესენი არიან სამედიცინო პერსონალი, თუმცა, დღეს ექიმებში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვაქვს აცრის, - 78% ერთჯერადით და 70% ორჯერადით, მაგრამ სხვა სამედიცინო პერსონალში ექთნებში, უმცროს სამედიცინო პერსონალში, ადმინისტრაციულ პერსონალში, შედარებით დაბალია. მოგეხსენებათ, სამედიცინო დაწესებულებები პირველი ფრონტის ხაზია, ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ აცრილი.
მეორე, რა თქმა უნდა, პედაგოგები: პირველ რიგში საშუალო სკოლების პედაგოგები, რამეთუ მათ საქმე აქვთ ჩვენს მომავალთან. სასურველია, რომ ისინი იყვნენ აცრილები. სერიოზულად აიწია აცრის მაჩვენებელმა პედაგოგებში, გვაქვს 63% მასწავლებლებში და 60%-მდე ადმინისტრაციულ პერსონალში ერთჯერადი აცრებით, ხოლო ორჯერადით - 52%-ია მასწავლებლებში. უსაფრთხო სკოლის კონცეფციისთვის აუცილებელია, რომ მასწავლებლები და ადმინისტრაციული პერსონალი იყოს აცრილი. ასევე იყოს გზავნილები მშობლებისთვის, ჩვენ თუ გვინდა, რომ სრულად უსაფრთხო სკოლა გვქონდეს და ბავშვები ნაკლები რისკის ქვეშ დავაყენოთ, აუცილებელია მშობლები, ოჯახის სხვა წევრები იყვნენ აცრილები, ისევე როგორც მასწავლებლები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში, 30 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 785 862 აცრა.